„DRG სისტემის საქართველოში დანერგვისთანავე დაშვებული იყო უზარმაზარი შეცდომები. არ იყო გათვალისწინებული, რომ ერთი ოპერაციით ორი პათოლოგიის მკურნალობა შეიძლება. მაგალითად, როგორიცაა სარძევე ჯირკვლის და საშვილოსნოს სიმსივნეები. ცალკე უნდა გაეკეთებინა პაციენტს ეს ოპერაციები. მთავარი პრობლემა იყო იმაში, რომ ამ სისტემის დანერგვის დროს სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებებთან არ გაუვლია არავითარი კონსულტაციები. ამიტომ შეეჩეხნენ პრობლემებს და ბევრი კლინიკა დააყენეს გაკოტრების პირას“,- ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ვატო სურგულაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.
მისი თქმით, რეანიმაციის მიმართულებით სამინისტროს მიერ დაფინანსების DRG სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები განსაკუთრებულ მიღწევად ვერ ჩაითვლება, რადგან ამ მოდელის სტანდარტით ფასების ინდექსაცია ყოველწლიურად არის აუცილებელი. ეს კი აქამდე არცერთი მიმართულებისთვის არ გაკეთებულა.
„ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ის, რომ DRG სისტემის სტანდარტში გარკვევით წერია, რომ ფასების ინდექსაცია უნდა მოხდეს ყოველწლიურად. იმიტომ, რომ ცვალებადია მედიკამენტების ფასები, შემოდის ახალი ტექნოლოგიები, რაც ყოველწლიურად საჭიროებს ფასების გადახედვას. მესამე წელი დაიწყება, რაც DRG მუშაობს საქართველოში და ეს აქამდე არ მომხდარა.
სამი წლის წინათ, მისი შემოღებისას, ფასები არასწორად განისაზღვრა და მაშინდელი და ახლანდელი ფასები როგორ შეიძლება რომ ერთი და იგივე იყოს. რეანიმაციებში სრული კატასტროფა ხდებოდა და ახლა, როგორც იქნა, მიხვდნენ ამას და გადაწყვიტეს, რომ ფასებს უნდა გადახედონ. თუმცა, ეს არავითარი წარმატება არ არის. მნიშვნელობა არ აქვს მიმართულებას, რეანიმაცია იქნება ეს, ქრონიკული რაიმე დაავადება თუ ონკოლოგია, ყველა მიმართულებით უნდა ხდებოდეს ფასების ყოველწლიური ინდექსაცია.
ამ ორი წლის განმავლობაში არასწორმა გადაწყვეტილებებმა რთული სიტუაცია შექმნა განსაკუთრებით რეანიმაციული განყოფილებებისთვის. გაცილებით მეტი პრობლემაა ბავშვთა რეანიმაციაში. ამიტომ ფასების ზრდა არ არის განსაკუთრებული მიღწევა, ეს ისედაც, ყოველწლიურად, აუცილებლად უნდა ხდებოდეს“, - აღნიშნა ვატო სურგულაძემ.