„ტელეგრამის” შემქმნელი პაველ დუროვი პარიზში წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, მაგრამ შეიძლება ბრალდებები წარუდგინონ, - ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული ტელეარხი BFMTV-ი ავრცელებს.
როგორც აღინიშნება, მოსამართლემ დუროვის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ტელეარხის ცნობით, ეს ნაბიჯი შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ დუროვს დაკითხავენ, რის შემდეგაც მას შეიძლება ბრალდებები წარუდგინონ.
ცნობისთვის, “ტელეგრამის” შემქმნელი და საფრანგეთის მოქალაქე პაველ დუროვი პარიზში 24 აგვისტოს დააკავეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ დუროვის დაკავებას პოლიტიკური მიზეზები არ გააჩნია.
ამასთან, Politico-ს ცნობით, საფრანგეთის ხელისუფლების ორგანოებმა პაველ დუროვისა და „ტელეგრამის“ თანადამფუძნებლის, მისი ძმის, ნიკოლაის დაკავების ორდერები მარტში გამოსცეს.
დოკუმენტში მითითებულია, რომ „ტელეგრამთან“ დაკავშირებით საფრანგეთის მიერ საიდუმლოდ ჩატარებული გამოძიება იმაზე უფრო ვრცელია და იმაზე უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე აქამდე ცნობილი იყო.
საქმე ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემთხვევების გამოძიების შესახებ საფრანგეთის პოლიციასთან თანამშრომლობაზე „ტელეგრამის“ მიერ უარის თქმას ეხება.