ნოდარ ჯავახიშვილი: რიკოთის უღელტეხილზე ავტომაგისტრალი აუცილებლად უნდა გაკეთდეს

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთი-არგვეთას მონაკვეთის დაფინანსების საკითხზე სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დონორთა საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა განუცხადა, დღეს იხილება რიკოთის უღელტეხილზე ავტომაგისტრალის დაფინანსების საკითხი, რადგან ჯავახიშვილის თქმით, ეს უღელტეხილი აუცილებლად უნდა გაკეთდეს და შეავსოს აღმოსავლეთ და დასავლეთის მაგისტრალი. "საუბარი იქნება იმაზე, რამდენად შესაძლებელია იყოს ფასიანი კერძო გზა გარკვეული წლები. თუ ეს არ იქნება შესაძლებელი, დონორების შეხვედრა იმას ითვალისწინებს, რომ მოვახერხოთ დაფინანსების მობილიზება, რადგან საქართველოს ბიუჯეტს ამ უზარზამარი პროექტის განხორციელების შესაძლებლობა ნამდვილად არ ექნება უახლოესი წლების განმავლობაში და მაშინ დასავლეთითაც და აღმოსავლეთითაც გაკეთებული ეს უზარმაზარი სამუშაოები, პრინციპში, თავის ეფექტს ვერ მოგვცემს, რადგან ბოლოს და ბოლოს ერთ მშვენიერ დღეს ეს მაგისტრალი მთლიანად შეიკრას და დასავლეთის საზღვრიდან აღმოსავლეთის საზღვრამდე უნდა იყოს შესაძლებლობა სწრაფ მაგისტრალზე იმოძრაონ ტვირთებმაც და ადამიანებმაც", - განაცხადა ჯავახიშვილმა.

კითხვაზე, იქნება თუ არა გზის ეს მონაკვეთი ფასიანი, მინისტრმა განაცხადა, რომ შესაძლოა ეს გზა იყოს ფასიანი, თუმცა ჯერ ეს არის მხოლოდ მოსაზრება. "კი, შესაძლოა ეს გზა იყოს ფასიანი, თუკი ამის შესაძლებლობას მოგვცემს ციფრები, გაიყიდოს 30, 40, 50 წლით და დააფინანსოს ინვესტორმა", - განაცხადა ჯავახიშვილმა. კითხვაზე - რა თანხის გადახდა მოუწევს მოქალაქეს ამ გზით სარგებლობისას, მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯერ ამაზე საუბარი ძნელია, რადგან ეს არის მხოლოდ მოსაზრება. "დღეს მსოფლიო ბანკი დაგვიდასტურებს, რამდენად შეიძლება იყოს მომგებიანი და საინტერესო ინვესტორისთვის. შემდეგ იქნება ფინანსების გათვლა. წინასწარი მონაცემებით, გზა პრინციპში ამ ეტაპზე არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ინვესტორი მოვიზიდოთ. ვნახოთ, მსჯელობა რა შედეგს მოიტანს", - განაცხადა ჯავახიშვილმა.

კითხვაზე, როდის მოხდება გზის მშენებლობა და რა ვადაში დასრულდება, მინისტრმა აღნიშნა, რომ როდესაც იქნება გადაწყვეტილება მიღებული, ამის შემდეგ მოხდება დროის დათვლა. "თუკი დაფინანსებას მივიღებთ და ეს იქნება დონორები და საქართველოს ხელისუფლება, სრულიად შესაძლებელია, რომ დაახლოებით ერთ წელიწადში ეს სამუშაოები დაიწყოს და ეს იქნება დაახლოებით სამწლიანი პროგრამა. ჩვენს მთავრობას იდეაში აქვს, 2020 წლისთვის მაქსიმალური მობილიზება მოახდინოს და ეს ავტომაგისტრალი მთლიანად დავასრულოთ", - განაცხადა ჯავახიშვილმა.

მისივე თქმით, პროექტის ღირებულება 750-800 მილიონიდან შეიძლება მილიარდ ასიათასამდე გაიზარდოს და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გზა იქნება არჩეული. "ყოველ შემთხვევაში, ჩემი დიდი სურვილია და იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება ამ აზრს გაიზიარებს, რომ ჩვენ უნდა დავტოვოთ ალტერნატიული გზა ყველა შემთხვევაში, იქნება თუ არა შესაძლებელი ინვესტორის მოძიება, მაინც. იმდენად რთული უბანია და მოგეხსენებათ ბოლო წლებში, მთელ მსოფლიოში და საქართველოში კატაკლიზმებმა ძალიან იმატეს, ამიტომ რომ არ მოხდეს აღმოსავლეთისა და დასავლეთის მოწყვეტა რაღაც უბედური შემთხვევიდან გამომდინარე, მაინც უნდა წავიდეთ იმ გზით, რომ ალტერნატიული გზა დავტოვოთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ აძვირებს პროექტს, დაახლოებით 300 მილიონი დოლარია სხვაობა. ამიტომ მაინც საფიქრალია, მიუხედავად იმისა, რომ აუცილებელიც არის", - განაცხადა ჯავახიშვილმა.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე მსოფლიო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალიმ განაცხადა, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველოს მთავრობამ განახორციელა აღნიშნული მაგისტრალის რიკოთი-არგვეთას მონაკვეთის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა და ღირებულების შესაბამისობის ანალიზი, რათა მოეხდინა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის დერეფნის მოდერნიზაციისთვის საჭირო დაფინანსების სტრატეგიის შემუშავება.

საკოორდინაციო შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც ესწრებიან.