საავტომობილო გზით გადაზიდვები გასული წლების მაქსიმუმზეა - რომელია ტოპ-5 სავაჭრო პროდუქტი

საქართველოში საავტომობილო გადაზიდვები მაქსიმუმზეა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ-ივლისში საქართველოში 6.877 მლრდ აშშ დოლარის პროდუქტი გადაიზიდა, რაც გასულ წლებთან შედარებით (საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე აღნიშნული მონაცემები ხელმისაწვდომია 2016 წლიდან), მაქსიმალური მაჩვენებელია.

შედარებისთვის, წინა წლებში გადაზიდული ტვირთების მოცულობა ასეთია:

  • 2023 წლის იანვარ-ივლისი - 6.466 მლრდ აშშ დოლარი
  • 2022 წლის იანვარ-ივლისი - 4.742 მლრდ აშშ დოლარი
  • 2021 წლის იანვარ-ივლისი - 3.336 მლრდ აშშ დოლარი
  • 2020 წლის იანვარ-ივლისი - 2.509 მლრდ აშშ დოლარი
  • 2019 წლის იანვარ-ივლისი - 3.166 მლრდ აშშ დოლარი
  • 2018 წლის იანვარ-ივლისი - 3.046 მლრდ აშშ დოლარი
  • 2017 წლის იანვარ-ივლისი - 2.364 მლრდ აშშ დოლარი
  • 2016 წლის იანვარ-ივლისი - 2.216 მლრდ აშშ დოლარი

ამავე მონაცემების მიხედვით, წელს, 7 თვეში, საავტომობილო გზით 2.561 მლრდ აშშ დოლარის პროდუქტი შემოვიდა, ხოლო 4,316 მლრდ აშშ დოლარის გავიდა, რაც წინა წლებთან შედარებით, ასევე მაქსიმალური მაჩვენებლებია.

რაც შეეხება პროდუქტებს, რომელიც წელს საანგარიშო პერიოდში ავტომობილებით ყველაზე დიდი რაოდენობით შემოვიდა და გავიდა, ჩამონათვალი ასეთია:

ტოპ-5 იმპორტირებული პროდუქტი:

  • მსუბუქი ავტომობილები - 323.180 მლნ აშშ დოლარი
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 272.615 მლნ აშშ დოლარი
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 84.087 მლნ აშშ დოლარი
  • მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები - 64.390 მლნ აშშ დოლარი
  • წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 52.831 მლნ აშშ დოლარი

ტოპ-5 ექსპორტირებული პროდუქტი:

  • მსუბუქი ავტომობილები - 1.176 მლრდ აშშ დოლარი
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 149.046 მლნ აშშ დოლარი
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 132.525 მლნ აშშ დოლარი
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 66.082 მლნ აშშ დოლარი
  • ფეროშენადნობები - 61.904 მლნ აშშ დოლარი
ნინი ქეთელაური