საკონსტიტუციო სასამართლოს დაფინანსება, ისევე როგორც სახელფასო ხარჯი გაზრდილია. კერძოდ, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, 2023 წელს ჯამში გამოყოფილი იყო 5.8 მლნ ლარი, საიდანაც 83 თანამშრომელზე, შრომის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული იყო 3.812 მლნ ლარი (66%), ხოლო 2024 წლისთვის გამოყოფილია 6.2 მლნ ლარი, აქედან 83 თანამშრომლის ხელფასზე 4.194 მლნ ლარი დაიხარჯება (68%).
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმებასთან დაკავშირებულ სარჩელს განიხილავს. აღსანიშნავია, რომ 9 მოსამართლიდან სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრება ირინა იმერლიშვილი.
Bpn-ი დაინტერესდა, როგორია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ანაზღაურება.
მათ მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, გასულ წელს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მერაბ ტურავას შემოსავალმა აღნიშნულ პოსტზე 138 569 ლარი შეადგინა; მოსამართლე ვასილ როინიშვილის შემოსავალმა ჯამში - 127 132 ლარი; მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის შემოსავალმა - 122 581 ლარი; მოსამართლე ევა გოცირიძის - 119 492 ლარი; მოსამართლე მანანა კობახიძის შემოსავალი იყო 124 548 ლარი; მოსამართლისა და სასამართლოს მდივნის გიორგი თევდორაშვილის შემოსავალმა 127 767 ლარი; მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის შემოსავალმა - 119 532 ლარი შეადგინა.
ირინა იმერლიშვილსა და თეიმურაზ ტუღუშს კი ჯერ 2023 წლის დეკლარაციები არ აქვთ წარდგენილი, შესაბამისად, 2022 წელს სასამართლოში მათმა შემოსავალმა ტუღუშის შემთხვევაში - 117 191 ლარი, ხოლო ირინა იმერლიშვილს ანაზღაურებამ 117 191 ლარი შეადგინა.