ბიზნესმენები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები - რუსეთმა აშშ-ის 92 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რამდენიმე დღის შემდეგ, რაც აშშ-მა სანქციები დააწესა 400 რუსეთის მოქალაქისა და რუსეთთან დაკავშირებული კომპანიის წინააღმდეგ, მოსკოვმა საპასუხო ზომები გამოაცხადა და რუსეთში შესვლა აშშ-ის 92 მოქალაქეს აუკრძალა.

სია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 28 აგვისტოს გამოაქვეყნა. მასში შედიან ბიზნესმენები, პოლიტიკოსები, სამხედრო პირები და ჟურნალისტები, როგორიც არის The Wall Street Journal-ის მთავარი რედაქტორი, ემა ტაკერი და მისი მოადგილე, ჩარლზ ფორელი, The New York Times-ის ჟურნალისტები, პოლ სონი და მარკ სანტორა, ასევე, The Washington Post-ის ჟურნალისტი, დევიდ სტერნი და მედიის სხვა წარმომადგენლები.

ამასთან, სიაში მოხვდნენ აშშ-ის საჰაერო ძალების კოსმოსური სისტემების სარდლობის ხელმძღვანელი, ფილიპ გარანტი, თავდაცვითი ტექნოლოგიების კომპანია Anduril Industries-ის დამფუძნებელი, პალმერ ლაკი, აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის საკითხებში, ანა მორისი, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის წარმომადგენელი, დანიელ აიზეკი, სტენფორდის უნივერსიტეტის ლექტორი, ფილიპ ზელიკოვი და არიზონას ოლქის პროკურორის მოადგილე, უილიამ ვოითი.

უწყების განმარტებით, სანქციები არის რეაქცია აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის კურსზე, რომელიც მოსკოვის “სტრატეგიული მარცხისკენ” არის მიმართული. სამინისტრო სანქციების სიის „მთელი მონდომებითა და თანმიმდევრულობით“ გაფართოების პირობას დებს.

ცნობისთვის: 23 აგვისტოს შეერთებულმა შტატებმა სანქციები 400-მდე რუს ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას დაუწესა, რომლებიც მოსკოვს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდნენ და მას საქონლითა და სერვისებით ამარაგებდნენ, რომლებსაც კრემლი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებდა. სხვებთან ერთად სიაში მოხვდნენ რუსეთის თავდაცვის მინისტრ ანდრეი ბელოუსოვის ვაჟი და რძალი, მოსკოვის საიუველირო ქარხანა, ავიაკომპანიები, “ვოლგა-დნეპრი,” AirBridgeCargo, Norilsk Avia, მაგნიტოგორსკის მეტალურგიული კომბინატი და თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი გემები.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ