2024 წლის მე-2 კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავლები, 2023 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 12.7%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტელე-რადიო მაუწყებლების კომერციული სარეკლამო შემოსავლები 20 მილიონი ლარი იყო, მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში კი, 17.9 მილიონი ლარი, რაც წინა წელთან შედარებით 14.8%-ით ნაკლებია.
„საგულისხმოა, რომ ტელევიზიებისთვის 2024 წლის მე-2 კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავლების ძირითადი, 67.6%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ, ხოლო 17.5% პროდუქტის განთავსებამ შეადგინა,“ - აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.
მათივე განმარტებით, ტელემაუწყებლების კომერციული შემოსავლების კლება, სავარაუდოდ მაუწყებლების და რეკლამის დამკვეთი კომპანიების ქცევის შეცვლამ გამოიწვია. კერძოდ:
„მოგეხსენებათ, რომ საანგარიშო პერიოდში მაუწყებლების საგანგებო რეჟიმში მუშაობამ სამაუწყებლო ბადე სრულად შეცვალა, ვინაიდან სწორედ ამ პერიოდში მაუწყებლები უწყვეტი ეთერის ფორმატში აშუქებდნენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. აღნიშნულმა გარემოებებმა გავლენა მოახდინა რეკლამის დამკვეთი კომპანიების გადაწყვეტილებებზეც - არ ჩაეშვათ ახალი სარეკლამო კამპანიები ამ პერიოდში. სხვა ისეთი გარემოება, როგორიცაა საკანონმდებლო ცვლილება ან ახალი სარეკლამო რეგულაციების დაწესება, რასაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა სარეკლამო შემოსავლებზე, საანგარიშო პერიოდში არ გამოვლენილა,“ - აღნიშნავს კომისია.
რაც შეეხება კონკრეტულ შემოსავლებს, კომუნიკაციების კომისიის ანგარიშის მიხედვით, სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი 2024 წლის მე-2 კვარტალში კვლავ „ტელეიმედს” ჰქონდა, რომლის შემოსავალიც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 2.2 მილიონი ლარით შემცირდა და 6 მილიონი ლარი შეადგინა. 2.8 მილიონი ლარი მიიღო „რუსთავი 2“-მა (მედია ჰოლდინგი), რაც წინა წელთან შედარებით 0.5 მილიონი ლარით ნაკლებია. 0.1 მილიონი ლარით შემცირდა როგორც „მთავარი არხის“, ისე „პოსტვ“-ის შემოსავლები, რომელიც „მთავარი არხის“ შემთხვევაში 1.9 მილიონს, „პოსტვ“-ის შემთხვევაში კი - 1.4 მილიონ ლარს გაუტოლდა. 1.2 მილიონი ლარის კომერციული სარეკლამო შემოსავალი მიიღო ტელეკომპანია „ფორმულამ“, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 0.2 მილიონი ლარით ნაკლებია. 0.4 მილიონი ლარით შემცირდა „ტელეკომპანია პირველის“ კომერციული შემოსავალი და 2024 წლის მე-2 კვარტალში სულ 1 მილიონი ლარი შეადგინა.
ამავე მონაცემების მიხედვით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, უცვლელი დარჩა „ბი ემ ჯი“-ისა და „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ის შემოსავლები, რომელმაც 0.9 მილიონი და 0.6 მილიონი ლარი შეადგინეს. რაც შეეხება „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, წინა წელთან შედარებით მათი შემოსავალი 0.1 მილიონით გაიზარდა და 0.6 მილიონი ლარი შეადგინა. 0.1 მილიონით გაიზარდა ასევე „სილქნეტის“ კომერციული სარეკლამო შემოსავალიც, რომელიც 2024 წლის მე-2 კვარტალში 0.2 მილიონ ლარს გაუტოლდა.
რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, კომუნიკაციების კომიის ინფორმაციით, მათ მიერ 2024 წლის მეორე კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავალი, 2023 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 11.8%-ით გაიზარდა და 2.1 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 91%-ზე მეტი პირდაპირ რეკლამაზე, ხოლო 8%-ზე მეტი სპონსორობაზე მოდიოდა.
შეგახსენებთ, რომ კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.