გიორგი კვირიკაშვილმა ICAO-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაზე განმარტება გააკეთა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

როგორც კვირიკაშვილმა განაცხადა, ეს იყო 2013 წელს დადებული დასკვნა, რომელიც 2013 წლის წინა პერიოდს ეხებოდა. "ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ICAO-ს ე.წ. შავ სიას, ვრცელი კომენტარები გაკეთდა სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტისა და ჩემი მოადგილის მხრიდან. ეს იყო 2013 წელს დადებული დასკვნა, რომელიც 2013 წლის წინა პერიოდს ეხებოდა. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ICAO-ს სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით - პროცენტული მაჩვენებელი არის მნიშვნელოვნად გამოსწორებული და ყოველდღიური მუშაობა მიმდინარეობს იმისთვის, რომ მაქსიმალური შესაბამისობა იქნას მიღწეული", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ე.წ. "შავ სიაში" მოიხსენიება და დღის წესრიგში ამ ორგანიზაციიდან საქართველოს გარიცხვის საკითხი დგას.