ვინ შეცვლის გიორგი ქადაგიძეს?

ბოლო რამდენიმე დღეა განსაკუთრებით აქტუალური საკითხია, თუ ვინ შეიძლება გახდეს ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტი, ვინაიდან მოქმედ პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა რამდენიმე თვეში - 2016 წლის თებერვალში ეწურება.

ეროვნული ბანკის მომავალი მმართველის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები მალე დაიწყება. მოლაპარაკებებში ჩაერთვებიან არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, საქართველოს მთავრობა, ბიზნესასოციაციები და თავად ეროვნული ბანკი.

სხვადასხვა წრეებში უკვე დაიწყო საუბარი შესაძლო კანდიდატურებთან დაკავშირებით, რომელთა შორის სახელდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, რომელიც წლების წინ - 1993-1998 წლებში უკვე იკავებდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მოქმედმა მინისტრმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრა, ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით. რაც შეეხება მის პროფესიულ გამოცდილებას, იგი 2011-2014 წლებში სს "ქართუ ბანკის" გენერალური დირექტორი იყო, მანამდე კი 1999 -2004 წლებში საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახლდათ და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის და მოადგილის პოსტებსაც იკავებდა.

ნოდარ ჯავახიშვილის გარდა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სავარაუდო კანდიდატებს შორის ფიგურირებს ეროვნული ბანკის კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტის, ირაკლი მანაგაძის კანდიდატურაც, რომელიც ქვეყნის ცენტრალურ საფინანსო ინსტიტუტს 1998-2005 წლებში ხელმძღვანელობდა. ირაკლი მანაგაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით. 1991 წელს ირაკლი მანაგაძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ატაშეს თანამდებობაზე დაინიშნა. 1993 წელს კი საქმიანობა გააგრძელა საქართველოს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სახელმწიფო კომიტეტში მთავარ სპეციალისტად. მანაგაძეს მსოფლიო ბანკში მუშაობის გამოცდილებაც აქვს - 1994 წლიდან 1996 წლამდე ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორის თანაშემწის თანამდებობას იკავებდა. ირაკლი მანაგაძეს მინიჭებული აქვს ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

ასევე საუბარია მიხეილ დუნდუას კანდიდატურაზე, რომელიც ეკონომიკის ექსპერტი და საზოგადოება 20/30-ის ანალიტიკოსია. მიხეილ დუნდუა საზოგადოებისთვის ცნობილი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გახდა მას შემდეგ, რაც ლარის გაუფასურების გამო მწვავედ აკრიტიკებს ეროვნული ბანკის მოქმედ პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძეს

კიდევ ერთი კანდიდატი, რომლსაც სხვადასხვა წრეებში ეროვნული ბანკის სავარაუდოდ კანდიდატად მოიხსენიებენ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძეა. საგანელიძეს მიღებული აქვს ეკონომისტის, ასევე იურისტის განათლება, გარდა ამისა, დამთავრებული აქვს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი. რაც შეეხება მის პროფესიულ გამოცდილებას, დავით საგანელიძე 1996-99 წლებში სს "საქართველოს ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო, 1997-99 წლებში იკავებდა სს "თიბისი ბანკის" დირექტორთა საბჭოს წევრის პოსტსაც. 1999 წლიდან კი საქართველოს პარლამენტის წევრია. ამასთან 2010-2012 წლებში დავით საგანელიძე თბილისის საკრებულოს დეპუტატი იყო.

კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს უნდა წარუდგინოს დასამტკიცებლად. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი შვიდი წლის ვადით, საქართველოს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

როგორც პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში, გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, მთავარი კრიტერიუმები ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრის კანდიდატურის შერჩევისას იქნება გამოცდილება, ცოდნა და განათლება ეკონომიკისა და ფინანსების სფეროში. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის აზრით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალი უნდა იყოს.

თამთა ჯიჯავაძე