საქართველოსა და ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

სამხრეთ ამერიკის ტურნეს ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკას ეწვია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა შეხვედრა გამართა ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრთან, როდოლფო ნინ ნოვოასთან. ურუგვაელ კოლეგასთან შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ორი ქვეყნის თანამშრომლობას პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში, დაისახა ორმხრივი დიალოგის შემდგომი გაღრმავების პრიორიტეტული მიმართულებები.

შეხვედრის ფარგლებში მინისტრებმა ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის ორდინალური პასპორტის მფლობელი მოქალაქეებისთვის ვიზის აღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ძალაში შევა შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდგომ. მინისტრი ასევე შეხვდა ურუგვაის ვიცე-პრეზიდენტს და სენატის თავმჯდომარეს რაულ სენდიკს. შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობა. სამხრეთ ამერიკის ტურნეს ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დღეს ჩილეს ეწვევა.