საბურთალოს რაიონში, უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზისა და გვირაბის მშენებლობა მიმდინარე ეტაპზეა. სამშენებლო სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
თბილისის მერის თქმით, სამუშაოები მომავალი წლის იანვარში დასრულდება.
„პროექტის შედეგად, ბაგების ახალი საავტომობილო ხიდის გავლით, პირდაპირ შეგვეძლება ქავთარაძის ქუჩაზე მოხვედრა. საექსკავაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია. ძალიან მალე გვირაბის მოწყობაც დაიწყება. გარდა ამისა, მოლაპარაკებები გვქონდა ადგილობრივ მცხოვრებლებთან. იყო კონკრეტული სახლი, რომელიც გარკვეულ პრობლემას წარმოადგენდა ამ გზასთან მიმართებაში. შეთანხმება უკვე მიღწეულია, ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ და აღნიშნული შენობა-ნაგებობის გამოსყიდვა მოხდება. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, რომ პროექტი სწორხაზოვნად განხორციელდეს და არ მოგვიწიოს შეფერხება. წყნეთიდან, ბაგებიდან წამოსულ ავტომანქანებს არა მხოლოდ უნივერსიტეტის ქუჩის გამოყენება, არამედ პირდაპირ ქავთარაძის ქუჩაზე მოხვედრა და იქიდან ვაჟა-ფშაველაზე გადასვლა შეეძლებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში, გვირაბის მისასვლელ-გამოსასვლელი პანდუსები და ტროტუარები მოწყობა. ასევე, ჩატარდება საიზოლაციო სამუშაოები, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, დამონტაჟდება LED სანათები. ასევე, გვირაბის გასწვრივ რკინაბეტონის დამცავი კედლები მოეწყობა.
გვირაბში გათვალისწინებულია ავტოტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა - თითო ზოლი თითო მიმართულებით. აღნიშნული პროექტი, რომელსაც მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს, 2025 წლის იანვარში დასრულდება. გვირაბის მშენებლობა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 12 მილიონი ლარით დაფინანსდება.
ადგილზე მერთან ერთად იმყოფებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე და მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე.