სარწყავი წყლით მოსარგებლეები დაფინანსებას მიიღებენ - რას გულისხმობს ახალი პროგრამა

ირიგაციით (სარწყავი წყლით) უზრუნველყოფილი მიწის ნაკვეთების მფლობელი ფერმერები, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფოსგან დაფინანსებას მიიღებენ.

მთავრობის შესაბამის დადგენილებაში დეტალურად არის გაწერილი ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც თანხა გაიცემა.

დოკუმენტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სადაც განხორციელდება პროექტი, უნდა იყოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ბენეფიციარის საკუთრებად რეგისტრირებული ან/და მას მიღებული უნდა ჰქონდეს სახელმწიფოსგან იჯარით, რომელსაც არ უნდა ედოს ყადაღა ან/და იპოთეკა (დასაშვებია მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების იპოთეკა).

ამასთან, პოტენციურ ბენეფიციარს არ უნდა ჰქონდეს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე).

დადგენილების მიხედვით, პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი მიზნობრიობები:

  • ა) ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის წვეთოვანი სარწყავი სისტემის (მათ შორის, ფერტიგაციისა და ფილტრაციის სისტემების) მოწყობის თანადაფინანსება;
  • ბ) ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის დაწვიმების (სპრინკლერ) სარწყავი სისტემის (მათ შორის, ფერტიგაციისა და ფილტრაციის სისტემების) მოწყობის თანადაფინანსება;
  • გ) სასათბურე მეურნეობის მოწყობის თანადაფინანსება;
  • დ) ერთწლოვანი ან/და მრავალწლოვანი კულტურების პირველადი წარმოებისთვის აგრომეტეოროლოგიური სადგურ(ებ)ის მოწყობის თანადაფინანსება;
  • ე) სასოფლო-სამეურნეო მისაბმელების თანადაფინანსება;
  • ვ) მზის ენერგიაზე მომუშავე არაუმეტეს 5 კვტ/სთ სიმძლავრის ელექტროსადგურის მოწყობის თანადაფინანსება.

ხოლო, პოტენციურ ბენეფიციარს მზის ენერგიაზე მომუშავე არაუმეტეს 5 კვტ/სთ სიმძლავრის ელექტროსადგურის მოწყობის მიზნობრიობა დაუფინანსდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნობრიობ(ებ)ის ბენეფიციარი.

გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება არანაკლებ 400 კვ/მ ახალი სასათბურე მეურნეობების მოწყობა ან/და არსებული სასათბურე მეურნეობების გაფართოება/მოდერნიზება.

რაც შეეხება პროგრამის თანადაფინანსებას, ერთი ბენეფიციარის თანადაფინანსება ჯამურად განისაზღვრება არაუმეტეს 30 000 ლარით.

ამასთან, თუ ბენეფიციარი საკუთარი თანამონაწილეობის თანხას შეიმცირებს სხვა წყაროდან მიღებული დაფინანსებით, მისი თანამონაწილეობა არ უნდა იყოს პროექტის ჯამური ღირებულების 25%-ზე ნაკლები.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ხოლო, პროგრამის განმახორციელებელია სოფლის განვითარების სააგენტო.

ნინი ქეთელაური