საქართველომ ატმისა და ვაშლატამას ექსპორტით 26 მლნ შემოსავალი მიიღო წელს

2024 წლის 1-ელი მაისიდან 2024 წლის 29 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოდან 22.3 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 26.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას მოცულობა 6%-ით გაიზარდა.

„გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას მოცულობა 1.3 ათასი ტონით (6%-ით), ხოლო ღირებულება - 2.9 მლნ აშშ დოლარით (13%-ით) გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში, ატმისა და ვაშლატამას საშუალო საექსპორტო ფასი გაიზარდა 6%-ით და 1.17 აშშ დოლარი/კგ შეადგინა,”- ნათქვამია ინფორმაციაში.