“შეიძლება დაგვჭირდეს პერსონალური და მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გამოთხოვაც”

საქმის შინაარსიდან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება დაგვჭირდეს და მეტწილად დაგვჭირდება პერსონალური და მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გამოთხოვაც, თუ განზრახვაა მოგვატყუონ, ჩვენ ვერ შევასრულოთ კანონით დადგენილი ვალდებულება, - ასე უპასუხა საჯარო რეესტრის უფროსმა დავით დევიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი კვერენჩხილაძის კითხვას, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონის ფარგლებში პერსონალური მონაცემების გაცემას ეხებოდა.

საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმების მოთხოვნით სხდომა მიმდინარეობს, მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძემ საჯარო რეესტრის წარმომადგენელს შემდეგი კითხვა დაუსვა - „განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები რისთვის სჭირდება საჯაროო რეესტრს“.

„ვთქვათ, რაში გჭირდებათ რელიგიური აღმსარებლობა, სქესობრივი, ამას რა პრაქტიკული დანიშნულება აქვს? თუ მოგიტანე 20%-ის დამადასტურებელი [მონაცემი], რა საჭიროებაა იმისა, რომ სახელმწიფომ დაიწყოს გამოძიება, პირს რა სქესობრივი ცხოვრება ჰქონდა, მისი პარტნიორი ვინ იყო, რა რელიგიური მრწამსი [აქვს/ჰქონდა] თუ ა.შ.“- აღნიშნა მოსამართლემ.

დევიძის თქმით, მინისტრის ბრძანებაში შემდეგი ტიპის ჩანაწერია.

„მინისტრის ბრძანებაში არის ჩანაწერი, რომ ასეთი ტიპის ინფორმაციას არ ვითხოვთ. ეს არის მითითებული, ოღონდ მიზანთან მიმართებით, ხოლო ფინანსები ვინც მიიღო, ფიზიკური პირის ვინაობას ვითხოვთ. ეს არის განსხვავება. კანონში წერია - მიზანი კონკრეტულად აწესრიგებს სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეგისტრაციასა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობის საკითხებს“, - განაცხადა დავით დევიძემ.

ამის შემდგომ კიდევ ერთხელ დაუსვა იგივე შინაარსის დამაზუსტებელი შეკითხვა მოსამართლე კვერენჩხილაძემ დევიძეს.

„[ორგანიზაციის] შემოსავლის 20% თუ არის უცხოური დაფინანსება, ამ შემთხვევაში, არეგისტრირებთ და მის შემოსავალსა და ხარჯს ხდით საჯაროს, ეს გასაგებია, მაგრამ გამჭვირვალობის დადგენასთან, თუ დაფინანსების 20%-ის დადგენასთან, რა რელევანტური, რა ლოგიკური კავშირი აქვს ინფორმაციას და შემდეგ მის გასაჯაროებას: სქესობრივი ცხოვრება, ბრალდებული ვიყავი, არ ვიყავი, პოლიტიკური შეხედულება, რელიგიური, ფილოსოფიური ან სხვაგვარი მრწამსი- ამის კავშირი აგვიხსენით“- მიმართა მოსამართლემ დავით დევიძეს.

დევიძის პასუხი ასეთი იყო: „განსაკუთრებული კატეგორიის მუხლი საჯარო რეესტრს საშუალებას აძლევს, რომ თუ ორგანიზაცია დაინტერესებულია, თავი აარიდოს კანონით გათვალისწინებულ რეესტრში რეგისტრაციას, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია გადავაზღვიოთ, გამოვითხოვოთ ინფორმაცია და ჩავატაროთ სრულფასოვანი მონიტორინგი. რას გულისხმობს ეს - არ უნდა დაგვხვდეს ბარიერები, როგორიც არის, მაგალითად, ის, რომ ეს არის პერსონალური მონაცემი გარკვეულ კატეგორიებზე, როდესაც მოვითხოვთ საჯარო დაწესებულებიდან, თუნდაც ან კერძო კერძო ორგანიზაციებიდან ან სხვა ფიზიკური პირებისგან ინფორმაციას, ამა თუ იმ გარემოებიდან გამომდინარე. წინასწარ ვერავინ იტყვის საქმის შინაარსის გამიჯვნით, რა ტიპის მონაცემი იქნება საჭირო გამოსათხოვად. ყველა საქმე არის უნიკალური, განსხვავებული და ერთმანეთისგან დამოუკიდებელი. ბუნებრივია, საქმის შინაარსიდან გამომდინარე ჩვენ შეიძლება დაგვჭირდეს და მეტწილად დაგვჭირდება პერსონალური და მათ შორის, შესაძლოა, დაგვჭირდეს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გამოთხოვაც, თუ განზრახვაა მოგვატყუონ, თუ განზრახვაა ის, რომ ჩვენ ვერ შევასრულოთ კანონით დადგენილი ვალდებულება. ეს არის ჩემი პასუხი“, - განაცხადა დავით დევაძემ.