თამამად შეიძლება ითქვას, რომ ივლისის თვე, მთელი რიგი ეკონომიკური მაჩვენებლების თვალსაზრისით, რეკორდულია. პირველ რიგში, ეს შეეხება ეკონომიკურ ზრდას, რომელმაც, 13% შეადგინა და ჯამურად იანვარ-ივლისის პერიოდში 9.7%-იანი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება, რაც ისევ გვაახლოებს ორნიშნა მაჩვენებელს, - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა ეკონომიკური ზრდის მიმდინარე ტენდენციები.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, „მნიშვნელოვანია, რომ ივლისში, წინასწარი შეფასებით, ასევე მკვეთრადაა გაზრდილი დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით - დაახლოებით 20%-ის ოდენობით. ამასთან, ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 6,344 ერთეულს გაუტოლდა, რაც წინა წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელს 10.1 პროცენტით აღემატება“.
ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, „2024 წლის ივლისში ეკონომიკურ ზრდაში ტრადიციულად მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობის, დამამუშავებელი მრეწველობის, ინფორმაციისა და ტექნოლოგიების, ასევე ვაჭრობის და ტურიზმის სექტორებმა.
ამასთან, მისივე თქმით, „ივლისში ექსპორტი ასევე რეკორდულად, 29.9%-ით გაიზარდა და 684.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ კი წინა წლის ივლისთან შედარებით 17.8% და შესაბამისად, 293.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა“.
რაც შეეხება ტურიზმის სექტორს, როგორც ნადარეიშვილმა აღნიშნა, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 8.1%-ით გაიზარდა და 1.1 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა. მისივე თქმით, ჯამურად იანვარ-ივნისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 1.9 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 5.2%-ით აღემატება.
„აღნიშნული შედეგები და ზოგადად, ის ეკონომიკური დინამიკა, რომელიც ქვეყანაში მთელი წლის განმავლობაში ფიქსირდება, რა თქმა უნდა, ნათლად მიანიშნებს და ხაზს უსვამს თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას და იმ რეფორმებს, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო ახორციელებს მთელი რიგი ეკონომიკური მიმართულებებით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.