ორგანიზაციებისგან შემოსულია 322 განაცხადი - დილის მონაცემებით 233 იყო - იუსტიციის მინისტრის მოადგინე

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ ტყეშელაშვილის ინფორმაციით, დღეს დილიდან ამ მომენტისთვის, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ორგანიზაციებისგან 322 განაცხადია შესული, დილის მონაცემებთან შედარებით კი, აღნიშნული რაოდენობა 100-ით დაიზარდა.

მისივე თქმით, ორგანიზაციებს რეგისტრაციის გავლა შაბათ დღესაც შეუძლიათ.

„ამ დროისთვის შემოსულია 322 განაცხადი. დილის მონაცემებით იყო 233“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ტყეშელაშვილმა.

მისივე განმარტებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, რეგისტრირებულთა რაოდენობასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.

„აღქმების, მასკომუნიკაციისა და დეზინფორმაციის თაობაზე კიდევ ერთხელ მინდა გავაკეთო განმარტება და ძალიან ხაზგასმით ვთქვა, რომ ვრცელდება საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, თითქოს და კანონს ემორჩილება მხოლოდ 1%. ამ ინფორმაციის გამავრცელებლების საპასუხოდ უნდა ვთქვა, რომ მათივე მათემატიკით, მათივე ლოგიკით, პირიქით, კანონისმიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას აცხადებს 1%-ზე ნაკლები. ამით შევწყვიტოთ რიცხვებზე და შიშებზე მანიპულაციებით საუბარი და გადავიდეთ სამართლებრივ თემებზე“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა.