ჰესი, რომელიც ელექტროენერგიის იმპორტის 40%-ზე მეტს ჩაანაცვლებს - როგორია „ტეხურის კასკადის“ პოტენციალი

„ტეხურის კასკადის” პროექტი საჯარო და კერძო პარტნიორობის პოტენციურ პროექტად არის იდენტიფიცირებული. ამ დროისთვის პროექტი პირველ ფაზაზეა, რაც მისი კონცეფციის ბარათის მომზადებას და მთავრობის მიერ კონცეფციის მოწონება/არმოწონების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას გულისხმობს.

საჯარო და კერძო პარტნიორობის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ „ტეხურის კასკადის” დადგმული სიმძლავრე 112.39 მგვტ-ია, რაც წელიწადში დაახლოებით 653.25 მლნ კვტ/სთ ელექტერონერგიის დამატებით წარმოებას გულისხმობს. ეს კი 2020 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, (იმპორტი 1.6 მლრდ კვტ/სთ), ქვეყნის საშუალო წლიური იმპორტის 40.8%-ის ტოლია.

„პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინვესტიციების სწრაფ მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და დამატებითი სახსრების მობილიზებას სახელმწიფო ბიუჯეტში. აღნიშნული პროექტის მეშვეობით დაგეგმილია დაახლოებით 170.05 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება განახლებადი ენერგიის სექტორში. ამის გარდა, გასათვალისწინებელია არაპირდაპირი პოზიტიური გავლენა, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისა და გარემოზე დადებითი გავლენის სახით. პროექტის ოპერირების პერიოდში, ქონების გადასახადის სახით, ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველწლიურად შევა დაახლოებით 1.7 მილიონი დოლარი.

საქართველოში არსებული ენერგორესურსების ჯანსაღი და სწორი ათვისება მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის (ენერგეტიკული სექტორი მნიშვნელოვანი ზეწოლაა ეკონომიკის განვითარებისათვის), ისე საზოგადოების კეთილდღეობისთვის.

პროექტი ხელს შეუწყობს გაეროს მდგრადი განვითარების რამდენიმე მიზნის მიღწევას, მათ შორის: სიღარიბის დაძლევა, ხელმისაწვდომი და სუფთა ენერგია, ეკონომიკური ზრდა და ღირსეული სამუშაო ადგილები, მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა, პასუხისმგებლიანი (გონივრული) მოხმარება და წარმოება, კლიმატის ცვლილების შედეგების დაძლევა, პარტნიორობა მიზნების მისაღწევად. პროექტზე, როგორც მშენებლობის, ასევე ოპერირების სტადიაზე დასაქმებული იქნებიან ძირითადად საქართველოს მოქალაქეები, რაც ხელს შეუწყობს ლოკალური ეკონომიკისა და სოციალური სიტუაციის გაუმჯობესებას“,- აღნიშნულია პროექტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნათია ზარიძე