ბრაზილიაში X-ის ფუნქციონირება შეჩერდა

ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ალექსანდრ დე მორაესის გადაწყვეტილებით, სოციალური ქსელი X-ის მუშაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაუყოვნებლივ შეჩერდა. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც კომპანიის მფლობელმა ილონ მასკმა ქვეყანაში ახალი კანონიერი წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი თქვა.

28 აგვისტოს, უზენაესმა სასამართლომ მასკს უწყება გაუგზავნა, რომ X-ს უნდა შეესრულებინა ბრძანება და ბრაზილიაში კანონიერი წარმომადგენელი 24 საათის განმავლობაში უნდა დაენიშნა, წინააღმდეგ შემთხვევაში სოციალური ქსელი გაჩერდებოდა.

მოსამართლემ ფიზიკურ პირებს, ვინც აღნიშნულ ქსელზე წვდომისთვის სხვადასხვა პლატფორმებს გამოიყენებს, ყოველდღიური ჯარიმა დააკისრა 50 ათასი რეალის ($9 ათასი) ოდენობით. დადგენილება ძალაში იქნება მანამ, სანამ კომპანია არ შეასრულებს სასამართლოს ყველა ბრძანებას და არ გადაიხდის ყველა ჯარიმას, ნათქვამია სასამართლოს ვებსაიტზე გავრცელებულ პრესრელიზში.

მასკმა ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა:

„სიტყვის თავისუფლება დემოკრატიის საფუძველია და ბრაზილიაში არჩეული ფსევდომოსამართლე მას პოლიტიკური მიზნებისთვის ანადგურებს“.

მასკის ინტერნეტ სატელიტურმა კომპანია Starlink-მა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მორაესმა გამოსცა ბრძანება, რომელიც ყინავს კომპანიის ფინანსებს და ხელს უშლის მას ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებაში ლათინური ამერიკის უდიდეს ქვეყანაში. ეს გამოწვეულია მასკის სოციალურ ქსელსა და მოსამართლე მორესს შორის დაპირისპირებით, თქვა სტარლინკმა X-ში გავრცელებულ განცხადებაში.

ნათია ზარიძე