"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" ხარისხის მაკონტროლებელი ცენტრალური ლაბორატორია გაიხსნა

"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" უახლესი სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი წყლის ხარისხის მაკონტროლებელი ცენტრალური ლაბორატორია გაიხსნა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, უახლესი სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი წყლის ხარისხის მაკონტროლებელი ცენტრალური ლაბორატორია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა და აზიის განვითარების ბანკის პროექტის კოორდინატორმა სან ჯეი ჯოშიმ გახსნეს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ცენტრალური ლაბორატორია კოორდინაციას და კონტროლს გაუწევს რეგიონის ლაბორატორიებს და რეგულარულად გააკონტროლებს რეგიონების წყლის ხარისხს. სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ლაბორატორიის საშუალებით შესაძლებელი გახდება რეგიონების წყლის ხარისხის კომპლექსური კვლევების ჩატარება ეროვნული და ISO სტანდარტების შესაბამისად. ლაბორატორია წყლის ხარისხის ისეთ პარამეტრებზე და მაჩვენებლებზე უზრუნველყოფს კვლევების ჩატარებას, რომლებიც შესაბამისი აპარატურის უქონლობის გამო აქამდე არ ჩატარებულა. ლაბორატორიაში განხორციელდება წყლის ხარისხის კომპლექსური კვლევა სანიტარულ-ტოქსიკოლოგიური მაჩვენებლების, ლიმიტირებული მძიმე მეტალების, ორგანული ნაერთების (პესტიციდების, ნავთობპროდუქტების) და სხვა 50-ზე მეტი პარამეტრის მიხედვით.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ლაბორატორია, საქართველოს ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის სესხის მესამე ტრანშით შეიძინა. მისი ღირებულება 1 მილიონ 300 ათასი ლარია, უახლოეს მომავალში ლაბორატორია ISO 17025 სტანდარტის შესაბამისი აკრედიტაციის მოპოვებას გეგმავს.