წინანდლის ფესტივალი ჯუზეპე ვერდის რექვიემით გაიხსნა

წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი ვერდის რექვიემით გაიხსნა. პანკავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდსა და საგანგებოდ მოწვეულ სოლისტებს იტალიელი მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა დირიჟორობდა.

ფესტივალის გახსნითი კონცერტის ვარსკვლავურმა შემადგენლობამ, წინანდლის ამფითეატრში შეკრებილი 1000-მდე მსმენელის მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა.

ჯანანდრეა ნოზედა - წინანდლის ფესტივალის მუსიკალური ხელმძღვანელი:

„ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. შესანიშნავი მსმენელი იყო, მგრძნობიარე და მადლიერი. ორკესტრის ახალგაზრდა მუსიკოსების, ვოკალისტების და გუნდის მაგიური კავშირი შედგა ამ ულამაზეს დარბაზში. დარწმუნებული ვარ, ვერდი დღეს ბედნიერი იქნებოდა.“

წინანდლის ფესტივალი 2018 წელს, სილქნეტის ხელშეწყობით დაარსდა და პირველივე წლიდან მოიპოვა საერთაშორისო აღიარება კლასიკური მუსიკის სამყაროში. კომპანია უკვე მეექვსედ წარადგენს ფესტივალს, რომელსაც საქართველოს ცნობადობის გაზრდაში დიდი წვლილი შეაქვს და პოპულარიზაციას უწევს მაღალი ხარისხის კლასიკურ მუსიკას.

გიორგი რამიშვილი - წინანდლის ფესტივალის/სილქნეტის დამფუძნებელი:

„წელს ფესტივალზე განსაკუთრებული ვარსკვლავთცვენაა. რა თქმა უნდა, წინანდალში პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრიც წარდგება მაყურებლის წინაშე. აქ ისევ გაჟღერდება უკვდავი გენიალური მუსიკა, როგორც მშვიდობის და ერთიანობის გზავნილი. წინანდალი საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრია და ვიმედოვნებ, რომ დროის განმავლობაში ის სულ უფრო მეტ მეგობარსა და მხარდამჭერს შეიძენს.“

წლევანდელ სეზონზე პანკავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრში 7 ქვეყნის 80 მდე ახალგაზრდა მუსიკოსის გაერთიანება კულტურის სამინისტროს, შვეიცარიის, ნორვეგიის, იტალიის საელჩოების თანადგომით გახდა შესაძლებელი. მსოფლიოში აღიარებულ დირიჟორებთან და სოლისტებთან ერთად ფესტივალის სავიზიტო ბარათად ქცეული ორკესტრი 4 კონცერტს გამართავს.

წი­ნან­დლის ფეს­ტი­ვა­ლის 8-დღიან დატ­ვირ­თუ­ლ სა­კონ­ცერ­ტო პროგ­რა­მას და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლ სა­ღა­მოებს შე­მა­ტებს თუმანიშვილის თეატრის სპექტაკლი და ქართული ნაციონალური ბალეტის “სუხიშვილების” კონცერტი. მუზეუმი უმასპინძლებს ქართველი აბსტრაქციონისტი ფერმწერის ჯიბსონ ხუნდაძის გამოფენას.

ფესტივალს დახურავს ცნობილი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი, პანკავკასიური ორკესტრი და ლეგენდარული პიანისტი და დირიჟორი ანდრას შიფი.

bpon-1725183299.jpg

(R)