ვის ეკუთვნის top-10 კომპანია, რომელსაც საქართველოდან ავტომობილები გაჰყავს

2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 1.3%-ით გაიზარდა. წელს შვიდ თვეში ექსპორტირებულია 1.193 მლრდ დოლარის 57 323 ერთეული მსუბუქი ავტომობილი, ხოლო შარშან ანალოგიურ პერიოდში 1.178 მლრდ დოლარის 60 475 ერთეული.

„ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ საქსტატის მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის მიხედვით, საქართველოდან ავტომობილების ექსპორტის განმახორციელებელი უმსხვილესი კომპანიების ათეული ასე გამოყურება: „ბი თუ ბი”, „გლობალ აუტო იმპორტ“, „თბ ექს“, „ინდიგო“,„კავკასიის ავტოიმპორტი“, „კავკასუს ავტომოტივი“, „ნაზარ ჰოლდინგს“, „ტოიოტა კავკასია“, „ქარექსპრესსი“ და „ჰანდლერ კორპორეიშენ“.

სამეწარმე რეესტრში არსებული მონაცემების მიხედვით, გთავაზობთ აღნიშნული კომპანიების შესახებ ინფორმაციას:

შპს „ბი თუ ბი” – 2017 წელს დარეგისტრირდა სამეწარმეო რეესტრში. დირექტორი გიორგი შალამბერიძეა, ხოლო წილებს სრულად ნინო გველესიანი განკარგავს.

შპს „გლობალ აუტო იმპორტ“ - რეგისტრირებულია 2020 წელს, დირექტორი და 100%-იანი წილის მესაკუთრე მიხეილი ზღუდაძეა.

შპს „თბ ექს“ - 2021 წელს რეგისტრირებული კომპანიის სრული წილების მფლობელი და დირექტორი ირაკლი გურჩიანია.

შპს „ინდიგო“ - რეესტრში 2019 წელს დარეგისტრირდა. მის დირექტორად მიხეილ ჭელიძე ფიქსირდება. კომპანიის წილებს სრულად შპს „მილანი“ ფლობს. თავის მხრივ „მილანი“ 2019 წელს დარეგისტრირდა და მისი დირექტორი, ისევე როგორ წილების მფლობელი ნიკოლოზ ეზუგბაიაა.

შპს „კავკასიის ავტოიმპორტი“ - კომპანია 2004 წელს არის რეესტრში რეგისტრირებული. დირექტორი ალექსანდრე ვეკუაა, წილებს კი შემდეგი პირები ინაწილებენ: ლევან სურგულაძე - 27.9%, გიორგი სურგულაძე (ორმაგი მოქალაქე საქართველო/აშშ) - 34.875%, დავით გულაშვილი - 10% და გიორგი გულაშვილი - 27.225%.

შპს „კავკასუს ავტომოტივი“ - 2018 წელს დარეგისტრირდა. მისი დირექტორი რუსუდან გრძელიძეა, ხოლო წილებს სრულად შპს „თეგეტა მოტორსი“ ფლობს.

შპს „ნაზარ ჰოლდინგს“ - რეგისტრირებულია 2020 წელს, კომპანიის დირექტორი თურქეთი მოქალაქე აბდულკადირ კარგიდანოღლუა, წილებსაც სრულად აღნიშნული პირი ფლობს.

შპს „ტოიოტა კავკასია“ - 2006 წელს რეგისტრირებული კომპანიის პრეზიდენტი იაპონიის მოქალაქე კოჯი მათსუნოა. წილებს სრულად იაპონიაში დაფუძნებული კომპანია „ტოიოტა ცუშო კორპორეიშენ“ განკარგავს.

შპს „ქარექსპრესსი“ - სამეწარმეო რეესტრში 2011 წელს დარეგისტრირდა. მისი დირექტორი და 100%-იანი წილების მესაკუთრე შოთა ჟვანიაა.

შპს „ჰანდლერ კორპორეიშენ“ – 2020 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის წილებს სრულად ნუნუ თათანაშვილი ფლობს. დირექტორის პოზიციასაც თათანაშვილი იკავებს.

შენიშვნა: ექსპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

მერი ტაბატაძე