დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გამართულ დონორთა საკოორდინაციო შეხვედრას დაესწრო, სადაც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროგრამა განიხილეს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობისთვის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის დასრულება და მისი საერთაშორისო საავტომობილო გზების სტანდარტებთან ჰარმონიზაცია ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს, რადგან აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მთლიანი საგარეო ტვირთების 60%-ზე მეტის გადაზიდვა ხდება. დონორებთან შეხვედრაზე მხარეებმა ავტომაგისტრალის რიკოთისა და არგვეთის მონაკვეთების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევისა და ღირებულების შესაბამისობის ანალიზის შედეგები განიხილეს.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია. აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის უმოკლეს ვადებში დასრულება არის უმთავრესი პრიორიტეტი. რიკოთის მონაკვეთი არის ყველაზე რთული მონაკვეთი, რომელიც დაახლოებით 750 მილიონიდან ერთ მილიარდ დოლარამდე ჯდება სხვადასხვა პროექტების მიხედვით. ჩვენი მიდგომაა, რომ პროცესში მაქსიმალურად იქნას კერძო სექტორი ჩართული, რათა ქვეყნის სუვერენულ ბალანსზე აისახოს რაც შეიძლება ნაკლები ვალი. დღევანდელი დღის შემდეგ უფრო ბევრი რამ გახდება ცნობილი და საბოლოო მიდგომას შევიმუშავებთ ამ კონფერენციის შემდეგ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დონორთა საკოორდინაციო შეხვედრას ვიცე-პრემიერთან ერთად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი ჰენრი კერალი ესწრებოდნენ. ღონისძიება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.