თამაზ მეჭიაური: საზედამხედველო სამსახურის გამოყოფის შემთხვევაში პარლამენტის მიერ დაკომპლექტებული შესაბამისი საბჭო პოლიტიზებული იქნება

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური ადასტურებს, რომ ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო სამსახურის ცალკე გამოყოფის შემთხვევაში, პარლამენტის მიერ დაკომპლექტებული შესაბამისი საბჭო პოლიტიზებული იქნება.

როგორც მეჭიაურმა 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა დაიწყო, "ეს იქნება საპირწონე იმ პოლიტიზირებული საბჭოსი, რომელიც დღეს არსებობს". "თუ დღეს ზედამხედველობის საბჭოს ხელმძღვანელს ნიშნავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ჩვენს მიერ წარმოდგენილი მოდელით, საბჭოს დაკომპლექტება მოხდება პარლამენტის მიერ. მე ხომ არ ვიძახი, რომ ეს არ იქნება პოლიტიზირებული? – გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, იქნება პოლიტიზებული, მაგრამ ეს იქნება საპირწონე იმ პოლიტიზებული საბჭოსი, რომელიც დღეს არსებობს", - განაცხადა მეჭიაურმა, რომელიც კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორია.

მან იმ არგუმენტაციაზეც ისაუბრა, რის გამოც შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა წამოჭრა და აღნიშნულის მიზეზად ეროვნული ბანკის პოლიტიზება დაასახელა.  "ეროვნული ბანკი რომ პოლიტიზებული იყო, ყველას კარგად მოგეხსენებათ - ეს იყო 2012 წელს და ამის გარკვეული ნიშნები არსებობდა ამის შემდეგაც. მე როცა კანონპროექტის ინიცირებას ვახდენდი, ამოვდიოდი იქიდან, რომ არსებული მოდელი ჩვენს პირობებში არ იძლეოდა იმ ეფექტს, რაც უნდა მოეტანა ნორმალურ პირობებში. რამ გამოიწვია ამ მოდელის ცუდად მუშაობა? – იმან, რომ თავიდანვე მოხდა ამ ორგანოს – ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტება სუფთა პოლიტიკური ნიშნით: 7 კაციან საბჭოში 3 მარტო პროკურორია შეყვანილი. ერთ ხელშია ყველა - როგორც საზედამხედველო, ისე მონეტარული ფუნქცია მოქცეული, ისინი კი, ვის ხელშიცაა მოქცეული ეროვნული ბანკის მართვა, არ სარგებლობენ საზოგადოების ნდობით. აქედან გამომდინარე, არც ერთ ნდობით აღჭურვილ პიროვნებას ან ორგანოს არ გააჩნია წვდომა ინფორმაციაზე, რომელიც გასცემს კითხვებს პასუხებს, მაგალითად იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა შესაბამისობაში სახელმწიფო ინტერესებთან გადაწყვეტილებები, რომელსაც ბანკის საბჭო იღებს, ხომ არ ხდება ბერკეტების გამოყენება პოლიტიკური მიზნებით, ასევე ხომ არ იყო გარდა საგარეო ფაქტორებისა, ლართან მიმართებაში კიდევ სხვა ფაქტორები? აქედან გამომდინარე, თავისთავად დადგა საჭიროება, შერჩეულიყო ისეთი მოდელი, რომელიც ადაპტირებულია მსოფლიოში და რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სხვადასხვა ქვეყანაში", - აღნიშნა მეჭიაურმა.

ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებულ კანონპროექტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საპროცედურო საკითხთა და წესების, საფინანსო-საბიუჯეტო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ. საფინანსო სექტორის ერთადერთი სახელმწიფო საზედამხედველო ორგანო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო იქნება. ეროვნული ბანკის ფარგლებში მოქმედი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი კი უქმდება.

სადღეისოდ, სწორედ ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის ფუნქციაა საფინანსო სექტორის საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, რაც ახალ სსიპ-ს - საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს დაეკისრება.

"ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, რომელიც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა და მისმა პირველმა მოადგილემ ნოდარ ებანოიძემ მოამზადეს, 2015 წლის 1-ელი ივლისიდან საქართველოს ეროვნულ ბანკთან იქმნება სსიპ - საქართველოს ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო, რომლის ძირითადი ფუნქცია იქნება: საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვა. სააგენტო ანგარიშვალდებული იქნება სააგენტოს საბჭოს წინაშე. სააგენტოს საქმიანობას სააგენტოს საბჭო უხელმძღვანელებს. სააგენტოს საბჭოს შემადგენლობაში შვიდი წევრი შევა, რომელთაგან პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, ერთ-ერთი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იქნება, ხოლო დანარჩენი – საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, პროფესიონალები ეკონომიკის ან ფინანსების დარგში და რომლებსაც ექნებათ საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება. სააგენტოს საბჭო, სააგენტოს საბჭოს წევრებისგან, თავმჯდომარეს ხმათა უმრავლესობით აირჩევს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იმავდროულად არ შეიძლება სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარე იყოს.

ამასთან, პროექტის მიხედვით, სააგენტოს საბჭოს 2-2 წევრის (გარდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა) წარდგენის უფლება ექნებათ პარლამენტის თავმჯდომარეს, ფრაქციას, პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს. საქართველოს პარლამენტი 7 წლის ვადით, პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს სააგენტოს საბჭოს წევრებს, გარდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა. პარლამენტი უფლებამოსილი იქნება სააგენტოს საბჭოს ზოგიერთი წევრი 7 წელზე ნაკლები ვადით აირჩიოს.

პროექტით განისაზღვრება სააგენტოს უფლებამოსილება საფინანსო სექტორის ზედამხედველობის, კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქმიანობის რეგულირების, საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის და ზედამხედველობის, კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის კუთხით.

თამაზ მეჭიაურისა და ნოდარ ებანოიძის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა. ცვლილება სულ 13 კანონში ხორციელდება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, საკითხის მიმართ ინტერესი დიდია. უსუფაშვილმა კოლეგებს მოუწოდა, საკანონმდებლო პაკეტის განხილვა ყველა დაინტერესებული მხარის მაქსიმალური ჩართვით განხორციელდეს.