ქიმწმენდებს შრომის ინსპექცია შეამოწმებს - რა პერიოდულობით მოუწევთ ინსპექტორებს ობიექტებში შესვლა

ქიმწმენდებს შრომის ინსპეციას შეამოწმებს - აღნიშნული „ქიმწმენდის ობიექტების მოწყობის, ფუნქციონირებისა და ექსპლუატაციის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების შესახებ“ ტექნიკურ რეგლამენტს დაემატა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, შრომის ინსპექციის სამსახური, კომპეტენციის ფარგლებში, 10 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს, დაცულია თუ არა ქიმწმენდის ობიექტის მხრიდან ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები.

ამასთან, შრომის ინსპექციის სამსახური შესულ განცხადებას, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, უგზავნის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, რომელიც ადგენს ქიმწმენდის ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე მავნე ნივთიერებებით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მდგომარეობას და 5 სამუშაო დღის ვადაში შრომის ინსპექციის სამსახურს უგზავნის დასკვნას ქიმწმენდის ობიექტის ფუნქციონირების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის/შეუსაბამობის შესახებ“, - წერია მთავრობის დადგენილებაში.

გარდა ამისა, დადგენილების თანახმად, შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, განმცხადებელს მოსთხოვოს ან/და სხვა დაწესებულებისგან გამოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა.

„ქიმწმენდის ობიექტის ფუნქციონირების შესახებ თანხმობის გაცემის საკითხის განხილვისას შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილია, შეამოწმოს ქიმწმენდის ობიექტის განთავსების სივრცე და გარე ტერიტორია, აგრეთვე მოითხოვოს ქიმწმენდის ობიექტის ერთჯერადად ექსპლუატაციაში გაშვება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად.

ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების, აგრეთვე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან დადებითი დასკვნის მიღების შემთხვევაში, შრომის ინსპექციის სამსახური გასცემს თანხმობას ქიმწმენდის ობიექტის ფუნქციონირების შესახებ“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, რომ ქიმწმენდის ობიექტებისთვუს რეგისტრაციის გავლა სავალდებულო 2024 წლის 1-ელი სექტე,ბრიდან გახდა. ქიმწმენდის საწარმო ვალდებულია, გაიაროს რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და მოახდინოს მისი საქმიანობის რეგისტრაცია „ქიმწმენდის საწარმოდ“.

ამასთან, ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, ქიმწმენდის საწარმოში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სპეცტანსაცმლისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სათანადო წესით გამოყენების, მოვლისა (გაწმენდა და რეცხვა) და შენახვის პირობები. ასევე დამსაქმებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ქიმწმენდის საწარმოში დასაქმებული პირის პერიოდული სამედიცინო შემოწმება.