რუსთავში, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მიზნით მიმდინარე პროექტის მორიგი ეტაპი დასრულდა. კომპანია GWP გაგარინის ქუჩაზე წყალსადენის ახალ ქსელზე ბოლო გადაერთებით სამუშაოებს ატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, კომპანია GWP-ის წარმომადგენლებთან ერთად, მონიტორინგის მიზნით, პროექტის მიმდინარეობას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე გაეცნო.
,,რუსთავის წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. რუსთავი მერიის გუნდი ყოველდღიურ მონიტორინგს ვუწევთ და ამ პროცესში აქტიურად ვართ ჩართული. დღეს, გაგარინის ქუჩაზე ახალი მაგისტრალური მილსადენის თითქმის ორკილომეტრიანი მონაკვეთის გადაერთება ხდება, რის გამოც სამწუხაროდ გარკვეული დროით ქალაქში წყალმომარაგება შეიზღუდება, თუმცა მთავარი არის ის, რომ ეს შეზღუდვა ახალ სისტემაზე გადართვასა და დღეს არსებული პრობლემის დაძლევას ემსახურება”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა 1.9 კმ-მდე სიგრძის წყალსადენის ქსელი, 17 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა და 15 ერთეული საკვანძო ჭა მოეწყო. GWP-იმ გაგარინის ქუჩაზე შესრულებულ პროექტში 3,6 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.
„გაგარინის ქუჩის განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, კომპანიის მიერ ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას, მაგისტრალური ქსელი წყლისგან დაიცლება, რის გამოც, 2 სექტემბერს დღის 15:00 საათიდან, 3 სექტემბრის დღის 13:00 საათამდე, რუსთავის მოსახლეობის ნაწილს, წყალმომარაგება შეეზღუდება”, - განაცხადა კომპანია GWP-ის რუსთავის საოპერაციო ცენტრის მენეჯერმა მიხეილ ცირდავამ.
მათივე ცნობით, რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, აღნიშნული გრძელვადიანი პროექტი, უკვე მე-3 წელია რაც მიმდინარეობს. ინვესტიციის საერთო რაოდენობა 60 მილიონ ლარს შეადგენს.