ხობში სიმინდის ზეთის საწარმო აშენდება

კომპანია „კოლხამ“ ხობში სიმინდის ზეთის საწარმოს მშენებლობა დაიწყო.

როგორც კომპანიის წარმომადგენელმა, გიორგი ბუკიამ  bpn-ს განუცხადა, ქარხანა პირველი პროდუქციის გამოშვებას შემოდგომაზე აპირებს. პროექტის ღირებულება მილიონი დოლარია, აქედან 40% - კრედიტის, 50% - კი გრანტის სახით იაფი კრედიტის პროგრამის ფარგლებში მიიღო, დარჩენილი თანხა კომპანიამ გამოყო. სამაგიეროდ, „კოლხა“ საკუთარ თავზე ვალდებულებას იღებს, 2 წლის განმავლობაში ნედლეულად ადგილობრივი სიმინდი გამოიყენოს.

„სრული დატვირთვით რომ ავმუშავდეთ, 17-18 ათასი ტონა სიმინდი უნდა გადავამუშავოთ. მხოლოდ სამეგრელოში 78 ათასი ტონა მარცვლეული მოდის, შესაბამისად, ნედლეულის პრობლემა არ გვექნება. სიმინდის ხარისხი საქართველოს ყველა რეგიონში შევამოწმეთ, საუკეთესო მათ შორის, აჯამეთისა და აბაშური თეთრი აღმოჩნდა, სწორედ ამიტომ საწარმოს მშენებლობა ხობში გადავწყვიტეთ“, - აღნიშნა გიორგი ბუკიამ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ქართული სიმინდის ზეთი „ქარვას“ ბრენდით გაიყიდება და საშუალო სეგმენტზე იქნება გათვლილი. „იმპორტირებულ პროდუქციასთან კონკურენცია რთული იქნება, თუმცა, ჩვენ ხარისხით ვაპირებთ თავის დამკვირდებას - ჩვენი ზეთი 100%-ით სიმინდისგან იქნება დამზადებული“, - ამტკიცებს კომპანიის მენეჯმენტი.

„კოლხა“ კომპანია „ქარვას“ შვილობილია, რომელმაც 2005 წელს დედოფლისწყაროში ზეთის საწარმო გახსნა, თუმცა, დღემდე მხოლოდ მზესუმზირის ზეთს აწარმოებდა.

ბელა ნოზაძე