ამჟამად, კაცობრიობის ისტორიის ნებისმიერ პერიოდთან შედარებით, იძულებით გადაადგილებულ ადამიანთა რაოდენობა ყველაზე მეტია, რასაც გარემოზე ზემოქმედება და კლიმატის ცვლილებები კიდევ უფრო ზრდის.
ამის შესახებ მსოფლიო მიგრაციის შესახებ გაეროს წლევანდელ ანგარიშში წერია.
კერძოდ, კლიმატის ცვლილების გამო 2050 წლისთვის ექვს კონტინენტზე 216 მილიონზე მეტი ადამიანი თავიანთ ქვეყნებში იძულებით გადაადგილდება.
გაერო კლიმატის ცვლილებას სასურსათო დაუცველობის ან მიგრაციის ერთადერთ მამოძრავებელ ფაქტორად არ თვლის, რასაც, ასევე, პოლიტიკური ძალაუფლება, არაკომპეტენტური მმართველობა, გლობალიზებული სასაურსათო წარმოება და სხვა სოციალური ფაქტორები იწვევს, მაგრამ, ორგანიზაციის შეფასებით, კლიმატის ცვლილება არსებულ სისტემებზე ზეწოლას ზრდის.
ანგარიშის მიხედვით, მიგრაცია კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგების შესამცირებლად დაძლევის ან ადაპტაციის სტრატეგიაა.
კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ადამიანების მიგრაცია პლანეტის ყველა რეგიონს შეეხო.
ტყის ხანძრების გამო 2022 წლის ბოლოსთვის ჩრდილოეთ მაროკოში 9 500, ხოლო იმავე წელს ჩრდილო-აღმოსავლეთ ალჟირში 2000 იძულებით გადაადგილება დაფიქსირდა. ჩრდილო აფრიკის საჰელში ნალექი 1970-იანი წლებიდან 20%-ზე მეტად შემცირდა, რის გამოც აფრიკის ეს ნაწილი გვალვისადმი ერთ-ერთი ყველაზე მიდრეკილია.
სუბსაჰარის აფრიკაში მომხდარი სტიქიური უბედურებების გამო ნიგერიაში 2022 წელს ყველაზე მეტი, 2,4 მილიონზე მეტი შიდა გადაადგილება დაფიქსრდა, რაც ქვეყანაში ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ნიგერიაში გადაადგილებები, ძირითადად, 2022 წლის ივნისიდან ნოემბრამდე მომხდარი წყალდიდობის შედეგი იყო.
წვიმამ და წყალდიდობამ 2022 წელს ბრაზილიაში 700,000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო იმავე წელს კოლუმბიაში 281,000 ადამიანი გადაასახლა.
2023 წლის დასაწყისში პერუში საგანგებო მდგომარეობა მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ციკლონმა “იაკუმ” ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში ფართომასშტაბიანი წყალდიდობა გამოიწვია, რასაც მსხვერპლი, ქონების განადგურება და გადაადგილება მოჰყვა.
ჩილეში, სადაც ატაკამას უდაბნო მდებარეობს, უკიდურესად დამანგრეველმა ტყის ხანძრებმა იანვარში 7,500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გამოიწვია.
კარიბის ზღვის აუზის განვითარებადი კუნძულოვანი სახელმწიფოები კლიმატური ცვლილების ზემოქმედების ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან. კუბაში ქარიშხალმა, “იანმა” 2022 წლის სექტემბერში 80 000 გადაადგილება, ძირითადად პრევენციული ევაკუაციის სახით გამოიწვია. დომინიკის რესპუბლიკასა და პუერტო-რიკოში ქარიშხალი, “ფიონა” 94,000 გადაადგილების მაპროვოცირებელი გახდა.
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია და კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისი ექსპერტთა ჯგუფი თანხმდება, რომ კლიმატის ცვლილების გამო პატარა კუნძულებზე, მათ შორის, კარიბის ზღვის აუზში მიგრაცია, სავარაუდოდ, გაიზრდება.
კლიმატთან დაკავშირებული გადაადგილებით არც გლობალური ჩრდილოეთია დაცული. ჩრდილოეთ ამერიკაში დაუცველია როგორც კანადა, ასევე, შეერთებული შტატები. კერძოდ, 2023 წლის ივნისისთვის კვირების განმავლობაში მძვინვარე ტყის ხანძრებმა კანადაში ათიათასობით ადამიანის იძულებით გადაადგილება გამოიწვია, ხოლო მილიონობით ჰექტარი ტერიტორია დაიწვა.
კუბაზე დამტყდარმა იმავე ქარიშხალმა, “იანმა” შეერთებული შტატებისკენ მიმავალ გზაზე მხოლოდ ფლორიდაში 300,000-ზე მეტი გადაადგილება გამოიწვია.
წყნარ ოკეანეში კატასტროფები, როგორიც არის ტროპიკული ციკლონები, ვულკანური ამოფრქვევები და გვალვა, მთელ სუბრეგიონში განადგურებებსა და ადამიანთა იძულებით გადაადგილებას ხშირად იწვევს. კერძოდ, 2021 წელს სოლომონის კუნძულებს, ვანუატუსა და ფიჯის ზედიზედ ორი ციკლონი, “ანა” და “ბინა” დაატყთა, რამაც 14,000-ზე მეტი გადაადგილება გამოიწვია.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ