„ბაზარი უბრუნდება იმ მდგომარეობას, როდესაც ქვეყანაში შემოდიოდა 98% ხორბალი და 2% ფქვილი“

მთავრობამ ფქვილზე საიმპორტო გადასახადი გაახანგრძლივა. აღნიშნული ბაჟი 2023 წლის ივნისიდან მოქმედებდა და ტონაზე 50 ლარს შეადგენდა. მოგვიანებით, 2023 წლის 10 ოქტომბრიდან, 250 ლარამდე გაიზარდა. ამასთან, გადაწყვეტილება ჯერ 2024 წლის 1-ელ მარტამდე, შემდეგ 1-ელ სექტემბრამდე, ახლა კი 2025 წლის 1-ელ მარტამდე გახანგრძლივდა. რაც შეეხება გადასახადის მოცულობას, კვლავ ტონაზე 250 ლარი იქნება.

ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან სილაგავა bpn-თან იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც ფქვილზე საიმპორტო გადასახადის გახანგრძლივების აუცილებლობა გამოიწვია.

მისი თქმით, სანამ რუსეთში ხორბალზე მცურავი ბაჟი იმოქმედებს, საქართველოში წისქვილკომბინატებისა და ფქვილის იმპორტიორების თანაბარ პირობებში ჩაყენება მხოლოდ ამ გზით იქნება შესაძლებელი.

„ზოგადად, გადასახადის შემოღებულია რუსეთიდან ხორბალზე მცურავი ბაჟის საპირწონედ, რომელიც არ მოქმედებს ფქვილზე. თავიდან, როდესაც ეს გადასახადი ამოქმედდა, ამან არათანაბარ პირობებში ჩააყენა წისქვილკომბინატები, ფქვილის იმპორტიორებთან მიმართებით. შესაბამისად, ეს იყო მთავრობისთვის მიმართვის მიზეზი, რომ დაბრუნებულიყო სწორი კონკურენციის პირობები ბაზარზე, ე.წ დამაბალანსებელი გადასახადის შემოღებით. ანუ, ფქვილზე საიმპორტო გადასახადის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სანამ არსებობს რუსეთიდან ხორბალზე მცურავი ბაჟი, ფქვილზეც უნდა იმოქმედოს გადასახადმა. როგორც კი მოიხსნება ეს გადასახადი რუსეთიდან, ჩვენც ეგრევე შეგვიძლია მოვხსნათ, ამის საჭიროება აღარ იქნება“,- ამბობს ლევან სილაგავა.

მისი თქმით, ფქვილზე საიმპორტო გადასახადის ამოქმედებამ, მთელი რიგი პრობლემები მოაგვარა. მათ შორის, აამუშავა წისქვილკომბინატები და ადგილობრივ მწარმოებლებს ხორბლის ჩაბარების პრობლემა მოუხსნა.

„ამ გადასახადმა დააბრუნა სწორი კონკურენციის პირობები ბაზარზე და საშუალება მისცა წისქვილკომბინატებს რომ იმუშაონ. მათმა მუშაობამ კი მოიტანა ის, რომ ადგილობრივი მწარმოებლების პროდუქტის ჩაბარება ხდება შეუფერხებლად (როცა წისქვილი არ მუშაობს, თავისთავად ხორბალი არ ბარდება). ამ გადასახადის შემოღების შემდეგ, ინტენსიურად მიდის ხორბლის ჩაბარება, როგორც შარშან, ისე წელს და კიდევ უფრო აქტიურად. ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წელს, შარშანდელთან შედარებით, უკეთესი ჩაბარების მაჩვენებელი იყო, რაოდენობრივად და ხარისხობრივად უფრო კარგი მოსავალი იყო და ფერმერებს ჰქონდათ საშუალება გადაეწყვიტათ, როდის ჩაებარებინათ ხორბალი და რა ფასად. ზოგმა შეინახა კიდეც და ფიქრობს, რომ ოქტომბერში და ნოემბერში ჩააბაროს, რადგან ფქვილის გადასახადი გახანგრძლივდა.

გარდა ამისა, გადასახადმა ბიუჯეტში მოიტანა 40 მლნ ლარზე მეტი ( და ამ თანხის მობილიზება კიდევ გრძელდება). შესაბამისად, თუ შევხედავთ რა ეფექტი მოიტანა ამ გადაწყვეტილებამ, ეს არის ე.წ ყულაბა, რომ თუ რაღაც პრობლემა იქნება ხორბალთან, ფასთან დაკავშირებით, გამოვიყენოთ ეს 40 მლნ ზუსტად ამ დარგისთვის. თუმცა, ამის საჭიროება ჯერ-ჯერობით არ ჩანს და ეს ძალიან კარგია.

დამატებით, როდესაც წისქვილები მუშაობს, ქვეყანა უსაფრთხოდ გრძნობს თავს. სასურსათო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მუდმივად არსებობს ამ ვითარებაში ხორბლის მარაგები და იმ შემთხვევაში, თუ პრობლემური ხდება მისი შემოტანა, მათ აქვთ მარაგი და იქმნება იმის დრო, რომ ბაზრის დივერსიფიცირება მოახდინო. პურის ქარხანა არ არის მოწოდებული საიმისოდ, რომ მარაგი შექმნას, რადგან ფქვილის მარაგის ვარგისიანობის ვადა ფაქტობრივად დამდენი თვე არის მხოლოდ“,- ამბობს ლევან სილაგავა.

რაც შეეხება წისქვილკომბინატების მუშაობის ინტენსივობას, თუ გადასახადის ამოქმედებამდე მათი ნაწილი გაჩერებული იყო, როგორც ლევან სილაგავა ამბობს, ახლა ყველა გამართული ობიექტი მუშაობს.

„ახლა ყველა წისქვილკომბინატი ფუნქციონირებს, რომელიც გამართულია და რომელსაც მუშაობის სურვილი და საჭიროება აქვს. კონკურენციის პირობები არსებობს და ბაზარი უბრუნდება იმ მდგომარეობას, რომელიც იყო 2021 წლამდე, როდესაც ქვეყანაში შემოდიოდა 98% ხორბალი და მხოლოდ 2 % იყო ფქვილი. მაშინაც სწორი კონკურენციის პირობები იყო, სანამ რუსეთიდან შემოვიდოდა გადასახადი. მერე ვიცით, რომ ძალიან სერიოზული ჩავარდნა და ფქვილის აგრესიული იმპორტი იყო. ამ გადასახადმა მოიტანა ის, რომ დაბუნდა მანამდე არსებული პირობები. თუ სტატისტიკას ჩავხედავთ, ფაქტობრივად 70-80%-ზეა ასული ხორბლის იმპორტი და ფქვილი არის ნაკლები. ეს არის სწორი კონკურენციის პირობები, შემოდის ხორბალი, შემოდის ფქვილი და ადგილობრივი ხორბლის ჩაბარება უპრობლემოდ ხდება“,- ამბობს ლევან სილაგავა.

ცნობისთვის, 2024 წლის იანვარ-ივლისში ფქვილის იმპორტი 55%- არის შემცირებული. სტატისტიკის ეროვნულის სამსახურის მონაცემებით, წელს 7 თვეში 42 876 ტონა (11.077 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტი შემოვიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 94,831 ტონა (26.970 მლნ აშშ დოლარი).

რაც შეეხება კონკრეტულად გადაწყვეტილების ამოქმედებამდე პერიოდს, (2023 წლის ივნისიდან ამოქმედდა) 2023 წლის იანვარ-მაისში 73 123 ტონა (21,711 მლნ აშშ დოლარი) ფქვილის იმპორტი განხორციელდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 33 366 ტონის (8,419 მლნ აშშ დოლარი).

ნინი ქეთელაური