აშშ-მა ნიკოლას მადუროს 13 მლნ დოლარის ღირებულების თვითმფრინავის კონფისკაცია მოახდინა - CNN

აშშ-მა ნიკოლას მადუროს თვითმფრინავის კონფისკაცია მოახდინა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

CNN-ის ცნობით, ვაშინგტონმა თვითმფრინავის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დაადგინა, რომ თვითმფრინავის შეძენა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევით მოხდა.

ნიკოლას მადუროს თვითმფრინავის კონფისკაცია, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 13 მილიონი დოლარია, დომინიკის რესპუბლიკაში მოხდა, ხოლო შემდეგ აშშ-მა თვითმფრინავი ფლორიდაში გადააფრინა.

„ჩვენ მკაფიო მესიჯს ვგზავნით, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას და აშშ-ის სანქციებს ვერავინ გაექცევა“, - განუცხადა CNN-ს ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

ცნობისთვის, ივლისში ჩატარებულ ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის საარჩევნო ორგანომ ხმების 52%-ით გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო გამოაცხადა, რასაც ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. გასულ თვეში, ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ნიკოლას მადურო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად აღიარა.