ცვლილება ქიმწმენდებისთვის - ობიექტებს საცხოვრებელ შენობებში განთავსების უფლება კვლავ ექნებათ

მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან ქიმწმენდის ობიექტებისთვის ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა.

დოკუმენტი განსაზღვრავს მოთხოვნებს ქიმწმენდის ობიექტების განთავსების, აღჭურვის, ექსპლუატაციისა და ფუნქციონირების, აგრეთვე მიკროკლიმატის ოპტიმალური პარამეტრებისა და გარემოსა და დასაქმებულთა ჯანმრთელობაზე, შრომის უნარიანობაზე საწარმოო გარემო ფაქტორების არახელსაყრელი ზემოქმედების პროფილაქტიკისათვის.

ამ ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, ქიმწმენდის ობიექტებს გაუჩნდათ ვალდებულება რომ დარეგისტრირებული იყვნენ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ასევე გაწერილია სხვადასხვა მოთხოვნები, ობიექტის შესახებ პარამეტრები რასაც უნდა აკმაყოფილებდეს მსგავსი საქმიანობის საწარმო, მაგალითისთვის: დოკუმენტით გაწერილია თუ რამდენი უნდა იყოს ობიექტის ჭერის სიმაღლე, დასუფთავების წესები, განათება და ა.შ.

გარდა ამისა, რეგლამენტის პირვანდელი ვერსიით, დაუშვებელი იყო ქიმწმენდის საწარმოების განთავსება საცხოვრებელი, სამედიცინო დაწესებულების, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების შენობებში. ასევე აკრძალული იყო ქიმწმენდის მიმღები პუნქტების განთავსება მაღაზიებში (სუპერმარკეტების იმ სივრცეებში), რომლებიც კვების პროდუქტების რეალიზაციას ახდენენ. ამასთან, ტექნიკური რეგლამენტის პირველანდელი ვარიანტი განსაზღვრავდა თუ რა მანძილზე უნდა ყოფილიყო დაშორებული ქიმწმენდის საწარმო საცხოვრებელი, სამედიცინო დაწესებულების, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების შენობებიდან.

თუმცა, 2 სექტემბერს მთავრობამ აღნიშნულ ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილება შეიტანა. რომლის თანახმადაც, ქიმწმენდის იმ საწარმოებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ტექნიკური რეგლამენტის ყველა მოთხოვნას და საქმიანობის შეწყვეტა 1-ლი სექტემბრიდან უწევდათ მხოლოდ იმის გამო, რომ არღვევდნენ ზემოთაღნიშნულ პუნქტებს ანუ განთავსებული იყვნენ საცხოვრებელი, სამედიცინო დაწესებულების, საგანმანათლებლო, სააღმზრდელო დაწესებულების, ასევე სუპერმარკეტების შენობებში ან არ იყო დაცული ამ შენობებიდან რეგლამენტით მოთხოვნილი მანძილი, უფლება მიეცათ მიმართონ შრომის ინსპექტია და მოითხოვონ ობიექტის ფუნქციონირების შესახებ თანხმობა.

თაია არდოტელი