2024 წლის მე-2 კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 11.6 პროცენტით გაიზარდა და 53.6 მილიარდი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მათივე ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. კერძოდ, 2024 წლის მე-2 კვარტალში მისი მოცულობა 20.5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.5 პროცენტით მეტია.
„2024 წლის მე-2 კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 66.5 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 15.1 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 18.4 პროცენტი კი - მცირე ბიზნესზე. მცირედით განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 46 პროცენტი, საშუალოზე - 24.3 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 29.7 პროცენტი.
2024 წლის მე-2 კვარტალში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 28.3 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.3 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 17 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8 პროცენტით მეტი) შეადგინა.
2024 წლის მე-2 კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 769.9 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.4 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.6 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 56.4 პროცენტი - კაცი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 43.6 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 20.0 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 36.5 პროცენტი - მცირე ბიზნესზე.
საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 724 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.4 პროცენტით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 4 657 000 000 ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.5 პროცენტით მეტი).
2024 წლის მე-2 კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 105.5 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 190.7 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 636.3 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 153.8 ლარით).
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირია:
2024 წლის მე-2 კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 34.5 პროცენტი მოდის ვაჭრობის (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) დარგზე, მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 33.9 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა - 8.5 პროცენტიანი წილით, მშენებლობა - 6 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 4.7 პროცენტიანი წილით, ხოლო 12.4 პროცენტი დანარჩენ დარგებზე ნაწილდება.
2024 წლის მე-2 კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (20.3 პროცენტი) და ვაჭრობა (19.0 პროცენტი), შემდეგ მოდის მშენებლობა (18.1 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება (9.1 პროცენტი), ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 33.5 პროცენტიანი წილი უჭირავს.
2024 წლის მე-2 კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ შესაბამისად, 28.4, 11.8 და 9.6 პროცენტიანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის (8.2 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.0 პროცენტი), აგრეთვე ინფორმაცია და კომუნიკაციის (6.3 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.1 პროცენტი) დარგის საწარმოებზეც,“- აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.