თბილისის საკრებულო სტიქიით დაზარალებულთა ფონდში 200 000 ლარს გადარიცხავს

თბილისის საკრებულო სტიქიით დაზარალებულთა ფონდში 200 000 ლარს გადარიცხავს.

საკრებულოს ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძე და ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორების" თავმჯდომარე დავით უთმელიძე ჭადრაკის ფედერაციის ჟურნალის "საჭადრაკო სამყაროს" პრეზენტაციას დაესწრნენ.  მათივე ინფორმაციით, გიორგი ალიბეგაშვილმა ფედერაციის წარმომადგენლებს ჟურნალის პირველი ნომრის გამოცემა მიულოცა და მიწვეულ სტუმრებს 13 ივნისს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა სოლიდარობისათვის მადლობა გადაუხადა.

"მისასალმებელია, რომ ჩვენი საზოგადოება ასე აქტიურად არის ჩართული იმ პროცესებში, რასაც ჩვენი თანამოქალაქეების სოლიდარობა ჰქვია. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ თბილისის საკრებულომ შიდა რესურსი გამონახა და 200 000 ლარს სტიქიით დაზარალებულთა ფონდში გადარიცხავს ", - განაცხადა წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ.

საკრებულოს ინფორმაციით, პრეზენტაცია ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში გაიმართა. პრეზენტაციის პარალელურად, ქართველი ლეგენდარული მოჭადრაკეების ავტოგრაფებით საჭადრაკო ლიტერატურის, ჟურნალებისა და სუვენირების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.