საქართველოში მიმდინარე წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონე 13.7%-მდე შემცირდა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, ამავე პერიოდში სამუშაო ძალა 1.6 მილიონს აღემატებოდა, დასაქმებულთა რაოდენობა 1.38 მილიონზე მეტი იყო, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა კი 935.8 ათასს შეადგენდა.
ამასთანავე, საანგარიშო პერიოდში 451.5 ათასი პირი იყო თვითდასაქმებული, 219.7 ათასი ადამიანი კი უმუშევრად მიიჩნეოდა.
ცნობისთვის, უმუშევრად ითვლება 15 წელზე მეტი ასაკის პირი, ვინც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეძებს სამსახურს. შესაბამისად, უმუშევრობის 13.7%-იანი მაჩვენებელი არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ აღნიშნული ნაწილია სამსახურის გარეშე.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რის ხარჯზე მცირდება უმუშევრობა. ჩვენთან საუბრისას ეკონომისტი გივი მომცელიძე ორ ძირითად მიზეზს ასახელებს. პირველი - ეს არის ეკონომიკური ზრდა. 2024 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მშპ-ს ზრდამ 13% შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი 7 თვის საშუალო მაჩვენებელი 9.7%-ით განისაზღვრა.
„საქართველოში უმუშევრობის შემცირების ორი შესაძლო მიზეზი არსებობს. პირველი, რაც არ უნდა იყოს, ეკონომიკა იზრდება. ზრდა ივლისში 13% იყო და როცა ეკონომიკა იზრდება, რაც არ უნდა ცუდი ეკონომიკა გქონდეს საბოლოოდ, აქსიომაა, რომ სამუშაო ადგილები მაინც გაიზრდება“, - აღნიშნავს მომცელიძე.
მეორე მიზეზად ეკონომისტი მიგრაციის გაზრდილ მაჩვენებელს ასახელებს. მისი განმარტებით, შრომისუნარიანი მოქალაქეების ნაწილმა, ვინც სამსახურს საქართველოში ეძებდა, ქვეყანა დატოვა. საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა, რომ მხოლოდ ერთ კვარტალში 22.9 ათასით შემცირდა, დასაქმებულთა რაოდენობა 14.1 ათასით არის შემცირებული, ხოლო უმუშევართა რაოდენობა 8.9 ათასი ადამიანით.
„ქვეყანაში შემცირებულია 15 წელზე მეტი ადამიანების რაოდენობა, რადგან გვაქვს სერიოზული მიგრაცია. თუ საქართველოს მოსახლეობის უმუშევრების დიდი ნაწილი გავა, მოძებნის სამუშაო ადგილს გერმანიაში, პოლონეთში, იტალიაში, ამერიკაში მექსიკით გავლით და ა.შ. შემცირდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც სამუშაოს ეძებს. აქ დარჩებიან საჯარო მოხელეები, კერძო სექტორში დასაქმებული პირები, ვისაც, ასე თუ ისე, ნორმალური და სტაბილური სამსახური აქვს“, - დასძინა მომცელიძემ.
მისი თქმით, უცხოეთიდან ფულადი გზავნილების რაოდენობა მიახლოებულია იმ მიგრანტთა რიცხვთან, ვინც მუშაობს. როგორც ეკონომისტმა აღნიშნა, 2020-2024 წლებში საშუალოდ თვიური ტრანზაქციების რაოდენობა 244 ათასით არის გაზრდილი. მომცელიძის თქმით, საშუალოდ ამ რაოდენობის ადამიანი წავიდა ქვეყნიდან, რომელთა ნაწილიც ქვეყანაში შესაძლოა, უმუშევრად ითვლებოდა.
„ტრანზაქციების რაოდენობა საზღვარგარეთიდან მიახლოებულია იმ მიგრანტთა რიცხვთან, ვინც მუშაობს. ბოლო 2-3 წელია კატასტროფულად გაიზარდა გადმორიცხვები, რომ დავთვალე, 2020 წელს 426 ათასი ტრანზაქცია იყო საშუალოდ თვიურად, ახლა არის საშუალოდ 670 ათასი, ანუ დაახლოებით 50%-ით არის გაზრდილი ტრანზაქციების რაოდენობა. ანუ მიახლოებით 244 ათასი კაცი წავიდა საქართველოდან, აქ 15 წელს ზემოთ მოქალაქეები ნაკლები დარჩა და ამან შეამცირა უმუშევართა რაოდენობა“, - განაცხადა გივი მომცელიძემ.
დაბოლოს, როგორც ეკონომისტი აღნიშნავს, ეკონომიკური ზრდა დადებითად აისახება უმუშევრობაზე, თუმცა მიგრაციასთან ერთად საბოლოოდ უარყოფითი შედეგი მოაქვს. მომცელიძის თქმით, ეკონომიკა იზრდება, თუმცა ვერ აისახება მოქალაქეების ჯიბეზე, რადგან ამას გარკვეული პერიოდი სჭირდება. შედეგად, ვერ იზრდება სათანადოდ ხელფასები, მოქალაქეებს კი ქვეყანაში დარჩენის სურვილი არ აქვთ.
„ეკონომიკური ზრდა კარგია, მაგრამ მიგრაცია ცუდია. ეკონომიკა იზრდება, ამცირებს რაღაც მომენტში უმუშევრობას, მაგრამ ისე არ მცირდება უმუშევრობა და არ აისახება ხელფასებზე, რომ ხალხს აქ დარჩენა უნდოდეს“, - ამბობს ეკონომისტი.