სატვირთო ავტომობილის მართვის მოწმობის მისაღებად პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ 4 ქალაქში არის შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
კერძოდ, სააგენტოს ინფორმაციით, C კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდების პირველი და მეორე ეტაპის ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ 4 ქალაქში: რუსთავი, თელავი, ქუთაისი და ფოთი.
მათივე ინფორმაციით, აგვისტოში მომსახურების სააგენტომ დისტანციური კონსულტაცია 32 000-მდე მომხმარებელს გაუწია.
შეგახსენებთ რომ „C“კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებას (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც მიეკუთვნება „D1“ ქვეკატეგორიას ან „D“ კატეგორიას) მიეკუთვნება ავტომობილი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს, აგრეთვე „C“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს.