საქართველოს მთავრობამ მოამზადა და უკვე პარლამენტს წარუდგინა კანონი „ფაქტორინგის“ შესახებ.
როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, ეს კანონი განსაზღვრავს და არეგულირებს ფაქტორინგის არსსა და საგანს, ფაქტორინგის მხარეებს, ფაქტორინგის განხორციელების პირობებსა და წესს, ფაქტორინგის სახეებს, ფაქტორინგის მხარეების უფლებებსა და მოვალეობებს.
ფაქტორინგი არის გარიგება, რომელიც გულისხმობს ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დებიტორული დავალიანების გადაცემას და რეგისტრირებულია ფაქტორინგის რეესტრში, რის შედეგადაც დებიტორული დავალიანებიდან გამომდინარე მოთხოვნაზე საკუთრების უფლება გადაეცემა შესაბამის ფაქტორს. როგორც ცნობილია, ფაქტორინგს ყველაზე ხშირად ვაჭრობაში ჩართული კომპანიები იყენებენ.
კანონპროექტის თანახმად, ფაქტორი შესაძლებელია იყოს ფაქტორინგული კომპანია, რომლის საქმიანობაც არის მხოლოდ ფაქტორინგი, ასევე შესაძლებელია ფაქტორი იყოს - ფაქტორის ფუნქციის განმახორციელებელი ფინანსურ ინსტიტუტიც, როგორებიცაა: კომერციული ბანკი, მიკრობანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.
„ფაქტორინგული კომპანია შესაძლებელია არსებობდეს მხოლოდ სააქციო საზოგადოების ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ფორმით. ამასთან, ფაქტორინგული კომპანიის ზედამხედველობის მიმართულებით, უფლებამოსილება ეროვნულ ბანკს ექნება.
ფაქტორინგული კომპანია უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ - ფაქტორინგი ან ფაქტორინგთან დაკავშირებული მომსახურება. ფაქტორინგულ კომპანიას ეკრძალება დეპოზიტების მიღება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისაგან.
პირის ფაქტორინგულ კომპანიად რეგისტრაციისთვის მისი განაღდებული კაპიტალი უნდა შეადგენდეს სულ მცირე 300 ათას ლარს. საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე ფაქტორინგულ კომპანიას 300 ათასი ლარის ოდენობით უნდა გააჩნდეს სახსრები ყოველგვარი ვალდებულების გამოკლებით.
პირი ვალდებულია დარეგისტრირდეს ფაქტორინგულ კომპანიად იმ შემთხვევაში, თუ მას მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულების შედეგად, ერთდროულად აქვს მოთხოვნის უფლება სულ მცირე 5 დებიტორულ დავალიანებაზე.
ფაქტორინგული კომპანიის რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი,“- აღნიშნულია კანონპროექტში.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ფაქტორინგულ კომპანიად რეგისტრაციის სარეგისტრაციო მოსაკრებელი 10 ათას ლარს შეადგენს.
საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც უკვე პარლამენტშია ეკონომიკის სამინისტროს ავტორობით არის მომზადებული.