Volkswagen-მა გერმანიაში შესაძლოა, ქარხნები დახუროს

ავტოკონცერნი, Volkswagen გერმანიაში წამგებიანობის გამო ქარხნების დახურვას განიხილავს. ინფორმაციას Bloomberg ავტომწარმოებელზე დაყრდნობით ავრცელებს.

კომპანია გერმანიაში ავტომობილების წარმოების, მინიმუმ, ერთი დიდი ქარხნისა და კომპონენტების საწარმოს დახურვას გეგმავს. Volkswagen, ასევე, პროფკავშირთან 2029 წლამდე სამუშაო ადგილების შენარჩინების შესახებ ხელშეკრულების გაწყვეტას ცდილობს.

Bloomberg წერს, რომ ამ გეგმების დამტკიცების შემთხვევაში, ეს გერმანიაში კომპანიის მთელი 87-წლიანი ისტორიის განმავლობაში ავტოქარხნების პირველი დახურვის ფაქტი იქნება.

Volkswagen-ის აღმასრულებელი დირექტორი, ოლივერ ბლუმი აცხადებს, რომ “ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გამკაცრდა და ევროპაში ახალი მოთამაშეები შედიან, ხოლო გერმანია, როგორც ბიზნესწარმოების ადგილი, კონკურენტუნარიანობით სულ უფრო ჩამორჩება.”

Volkswagen-ის სამუშაო საბჭოს ხელმძღვანელი, დანიელა კავალო აცხადებს, რომ კომპანიის მთავარი ბრენდი, რომელიც Golf-ისა და Tiguan-ის მოდელებს აწარმებს, წამგებიანი ხდება.

Volkswagen-ის აღმასრულებელი დირექტორი, ასევე, სპორტული ავტომობილების ბრენდ Porsche-ს მმართველია.

ცნობისთვის: Volkswagen-ში მსოფლიო მასშტაბით, დაახლოებით, 650,000 ადამიანი მუშაობს. მათგან, თითქმის, 300,000 თანამშრომელი გერმანიაშია. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში ადგილების ნახევარი პროფკავშირის წარმომადგენლებს უკავიათ, ხოლო ქვემო საქსონიის მიწა, რომელიც აქციების 20%-ს ფლობს, ხშირად პროფკავშირული ორგანიზაციების მხარესაა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ