საუდის არაბეთში ყურძნით თვითუზრუნველყოფის დონე 58%-მდე გაიზარდა

საუდის არაბეთში ყურძნის წარმოების მოცულობამ წელს 110,5 ათას ტონას გადააჭარბა, ხოლო ყურძნით თვითუზრუნველყოფის დონე სამეფოში 58%-მდე გაიზარდა.

ინფორმაციას Arab News ავრცელებს.

სამეფოს გარემოს დაცვის, წყლის რესურსებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ყურძნის მოყვანის ძირითადი რეგიონი თაბუკი გახდა, სადაც წელიწადში 46,9 ათასი ტონა ყურძენი მოჰყავდათ.

მთლიანობაში, ქვეყანაში ყურძენი 4,7 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე მოჰყავთ.

სამინისტროს მიერ სამეფოში ადგილობრივი ხილის პოპულარიზაციის მიზნით კამპანია მიმდინარეობს, რომელშიც მთავარი აქცენტი ყურძენზე კედება. კერძოდ, სამინისტრო ხაზს უსვამს ყურძნის ეკონომიკურ პოტენციალსა და მის ადაპტირებას საუდის არაბეთში სხვადასხვა კლიმატურ პირობებთან.

უწყება, ასევე, აღნიშნავს, რომ ყურძენი საკვები ნივთიერებებით არის მდიდარი და ჯანმრთელობისთვის მრავალი სასარგებლო მახასიათებლებით გამოირჩევა, როგორიც არის კიბოს პრევენციისა და იმუნური სისტემის გაძლიერების უნარი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ