როგორ მოქმედებს მშობლების მიერ ალკოჰოლის მიღება ნაყოფზე

ტეხასის A&M-ის უნივერსიტეტის მეცნიერმა და ფიზიოლოგიის პროფესორ მაიკლ გოლდინგმა აღმოაჩინა, რომ ჩასახვამდე ალკოჰოლის მიღებამ შესაძლოა, გავლენა იქონიოს მომავალი თაობის დაბერების დაჩქარებასა და ქრონიკული დაავადებების განვითარებაზე.

ინფორმაციას The Conversation ავრცელებს.

კვლევა თაგვებზე ჩატარდა, რომლებიც თავად ირჩევდნენ, როდის და რამდენი ალკოჰოლი დაელიათ.

დადგინდა, რომ ორივე მშობლის მიერ ალკოჰოლის ქრონიკულმა მოხმარებამ შესაძლოა, მათ შთამომავლებში მიტოქონდრიული დაზიანება გამოიწვიოს, რამაც, თავის მხრივ, დაბერების პროცესი დააჩქაროს და სხვადასხვა დაავადებაზე მიდრეკილება გაზარდოს. აღმოჩენა ხაზს უსვამს როგორც გენეტიკური, ისე გარემო ფაქტორების გათვალისწინების მნიშვნელობას მომავალი თაობების ჯანმრთელობის გასაგებად.

მეცნიერის განმარტებით, მიტოქონდრიები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ენერგიის გამომუშავებასა და უჯრედული მეტაბოლიზმის მხარდაჭერაში, ხოლო როცა ისინი ზიანდებიან, ამან შესაძლოა, უჯრედების ენერგეტიკული პოტენციალის შემცირება და მათი ფუნქციების დარღვევა გამოიწვიოს. შედეგად, იმ მშობლების შთამომავლებმა, რომლებიც ბოროტად იყენებდნენ ალკოჰოლს, შესაძლოა, ისეთი დაავადებები განიცადონ, როგორიც არის მე-2 ტიპის დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა და ადრეულ დაბერებასთან დაკავშირებული სხვა დაავადებები.

მაიკლ გოლდინგის აზრით, ამ ურთიერთკავშირის გაგებამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს პროფილაქტიკისა და ინტერვენციის სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც მოსახლეობის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და ალკოჰოლთან დაკავშირებული დაავადებების შესამცირებლად იქნება მიმართული.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ