„არ არსებობს კანალიზაცია, წყალი და გაზი“ - როგორი იყო სეზონი ბახმაროში და რა გამოწვევებია ადგილზე

ბახმაროს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტები ხშირად ირჩევენ დასასვენებლად. თუმცა როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ადგილობრივ სასტუმროებში განუცხადეს, წელს ქართველი დამსვენებლების რაოდენობა ჭარბობდა. სასტუმროების ნაწილში სტუმრების რაოდენობა შემცირდა, ნაწილი კი მათ სექტემბერშიც ელოდება.

ბახმაროში დღემდე არ განხორციელებულა გაზიფიცირება, საკურორტო ტერიტორიას სისტემურად მოწყობილი არც წყალი და კანალიზაცია აქვს. ადგილობრივებს თავად უწევთ კომუნალური ინფრასტრუქტურის გამართვა.

მიმდინარე წლის აპრილში „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვაზე, პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია, თუ არა ბახმაროს წყალუზრუნველყოფა, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ალექსანდრე თევდორაძემ გვიპასუხა, რომ ამ ეტაპზე არ იგეგმება, თუმცა „2030 წლის ბოლოს ყველა დასახლებულ პუნქტში, მათ შორის ბახმაროშიც, იქნება წყალი“.

რაც შეეხება საავტომობილო გზას, ბახმარომდე მისასვლელი 18 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტზე 19.2 მილიონი ლარი დაიხარჯა. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური საგზაო ინფრასტრუქტურა კეთილმოწყობილია, კურორტზე შიდა გზები კვლავ პირვანდელი სახითაა. ამასთანავე, ბახმაროში არ არის ავტომობილებისთვის მდინარეზე გადასასვლელი ხიდი.

პრობლემებთან, ზაფხულის ტურისტულ სეზონსა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით „ბიზნესპრესნიუსი“ ადგილობრივ ჰოტელიერებს ესაუბრა.

როგორც „ძველი ბახმაროს“ დამფუძნებელი ლელა მონასელიძე აცხადებს, სასტუმროში წელს სტუმრების რაოდენობა ისეთივე იყო, როგორც გასულ წელს.

„სტუმრების მომართვიანობა იგივე დარჩა. ჩვენს სასტუმროში ძირითადად ადგილობრივები ისვენებენ“, - ამბობს მონასელიძე.

რაც შეეხება პრობლემებს, მისი თქმით, ბახმაროში არ არის კანალიზაცია, წყალი და გაზიფიცირებაც არ განხორციელებულა.

„ბახმაროში ძირითადად პრობლემას წარმოადგენს ინფრასტრუქტურის არარსებობა, მაგალითად, არ არსებობს კანალიზაცია, წყალი და გაზი“, - განაცხადა ლელა მონასელიძემ.

განსხვავებით „ძველი ბახმაროსგან“ გასულ წელთან შედარებით დამსვენებლების რაოდენობა გაზრდილია „პანორამა ბახმაროში“. „ბიზნესპრესნიუსთან“ სასტუმროს დამფუძნებელი გიორგი კეჭაყმაძე აღნიშნავს, რომ სტუმრებს სექტემბერშიც ელოდებიან.

„ივლისის სეზონი შედარებით ნაკლებად იყო აქტიური, ამინდებმა შეგვიშალა ხელი. აგვისტო საკმაოდ დატვირთული იყო. მინდა ვთქვა, რომ შარშანდელთან შედარებით, გაცილებით მეტი დამსვენებელი იყო. ახლაც გვაქვს ჯავშნები და ველოდებით ბევრ დამსვენებელს - სექტემბერიც დატვირთული იქნება.

ჩვენთან არიან როგორც ქართველები, ისე უცხოელები, მაგრამ წელს ქართველი დამსვენებელი ჭარბობდა. ზოგადად, ზაფხულის სეზონზე სულ ასეა ხოლმე, მაგრამ გაცილებით ბევრი ქართველი დამსვენებელი იყო წელს, ვიდრე გასულ წლებში“, - აღნიშნავს კეჭაყმაძე.

მისი თქმით, ბახმაროში მეტი ტურისტის მოსაზიდად საჭიროა სხვადასხვა აქტივობის დამატება. ამ ეტაპზე კი სტუმრებისთვის ცხენით ჯირითისა და ლაშქრობების შეთავაზებაა შესაძლებელი.

„ამ ეტაპზე შეგიძლია შესთავაზო ლაშქრობა, ცხენებზე ჯირითი, თუმცა კიდევ მეტი აქტივობა უკეთესი იქნება რომ მეტი დამსვენებელი მოვიდეს. შიდა გზები არის მოსაწესრიგებელი, მაგრამ ეს არ უშლის სტუმრის მოსვლას ხელს, არ ყოფილა შემთხვევა, რომ ამის გამო უარი ეთქვას სტუმარს ჩამოსვლაზე. ბახმაროში არ არის და არც ყოფილა გაზის ცენტრალური სისტემა, წყალი კი ყველას ინდივიდუალურად აქვს მოწყობილი“, - აღნიშნავს კეჭაყმაძე.

„ბიზნესპრესნიუსს“„ბახმარო ინ“-ში განუცხადეს, რომ სასტუმროში სტუმრების მიმართვიანობა „ნორმალურ“ ნიშნულზე იყო. სასტუმროში განმარტავენ, რომ დოღის შემდეგ დამსვენებლების ნაწილმა უკვე დატოვა ბახმარო და დამსვენებელთა რაოდენობა ახლა მცირეა.

„სეზონი დატვირთულია ნორმალურად. ამჟამად ძალიან ცოტა დამსვენებელია ბახმაროში, დოღის შემდეგ იცლება ბახმარო. ჩვენთან აჭარიდან და თბილისიდან არიან სტუმრები. უცხოელებიც არიან, თუმცა ბევრი არა. ცენტრალური გზა იდეალურია ბახმაროში, მაგრამ დიდი მანძილია და ეს შესაძლოა ხელს უშლიდეს მეტი დამსვენებლის მოზიდვას. ალბათ, მეორე გამოწვევაა ფასები“, - განგვიცხადეს „ბახმარო ინ“-ში.

რაც შეეხება ტურიზმის სტატისტიკას, საქსტატის მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში 15 წელზე მეტი ასაკის უცხოელი ტურისტების მიერ განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 385.8 ათასს შეადგენდა, მეორე კვარტალში კი 510.2 ათას ვიზიტამდე გაიზარდა.

ადგილობრივი ტურიზმის კუთხით კი ასე მონაცემები გვაქვს: საქართველოს მოქალაქეები პირველ კვარტალში საშუალოდ თვიურად 1.56 მილიონ ვიზიტს ახორციელებდნენ, მეორე კვარტალში კი 1.71 მილიონ ვიზიტს. აღსანიშნავია ისიც, რომ რეგიონების ჩაშლილი სტატისტიკაში გურიაში განხორციელებული ვიზიტები ცალკე არ არის მოცემული.

მერი ტაბატაძე