ბანკების მიერ გაცემული კრედიტების 58% ბიზნეს-სესხებზე მოდის - როგორია საპროცენტო განაკვეთი

საქართველოში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების თითქმის 58% ბიზნეს სესხებზე მოდის. 2024 წლის ივლისის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ სულ გაცემულია 57.142 მლრდ ლარის კრედიტი, აქედან 33.020 მლრდ ლარის ბიზნეს სესხია. ამის შესახებ აღნიშნულია სებ-ის სტატისტიკაში.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მთლიანი მოცულობა თითქმის 10 მლრდ ლარით არის გაზრდილი, ბიზნეს-სესხების კი 5 მლრდ ლარზე მეტით. 2023 წლის ივლისის მდგომარეობით ბიზნეს-სესხების მოცულობა 27.440 მლრდ ლარს შეადგენდა, მთლიანი სესხების კი 47.791 მლრდ ლარს.

ამასთან, სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, ივლისის მდგომარეობით ეროვნულ ვალუტაში გაცემულია 13.215 მლრდ ლარის ბიზნეს სესხი, უცხოურ ვალუტაში კი 19.805 მლრდ. ამავე სტატისტიკის მიხედვით, ბიზნეს-სესხები ძირითადად იურიდიულ პირებზეა გაცემული - 29.609 მლრდ ლარი, შინამეურნეობებზე კი მხოლოდ 6.441 მლრდ ლარი.

საგულისხმოა, რომ წინა წელთან შედარებით შემცირებულია ბიზნეს-სესხებზე დაწესებული საპროცენტო განაკვეთი. თუ 2023 წლის ივლისში პროცენტი 11.41%-ს შეადგენდა, წელს ეს განაკვეთი 10.93%-მდე შემცირდა. ამ დროისთვის კი უცხოურ ვალუტაში გაცემულ ბიზნეს-კრედიტებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 9.28%-ს შეადგენს, ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე კი 13.4%. ამავე სტატისტიკის მიხედვით, შინამეურნეობებზე გაცემულ ბიზნეს-სესხზე საპროცენტო განაკვეთი 12.33%-ს შეადგენს, იურიდიულ პირებზე კი 10.6%-ს.