ნავთობგადამუშავების სფეროში ლიცენზიის გაცემის პირობები მარტივდება

ლიცენზიის მაძიებელი აღარ იქნება ვალდებული, ამ მიმართულებით საქმიანობის 5-წლიანი გამოცდილება იქონიოს.

ნავთობგადამუშავების სფეროში ლიცენზიის გაცემის პროცედურების გამარტივებას "ნავთობისა და გაზის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ მოამზადა, ხოლო მთავრობამ პარლამენტს განსახილველად უკვე წარუდგინა.

კანონის მოქმედი რედაქციით, ნავთობგადამუშავების წარმოებისთვის ლიცენზიის მიღების მსურველს 5-წლიანი გამოცდილების ქონა მოეთხოვება - მან უნდა წარადგინოს იმ ქვეყნების სია, სადაც იგი ბოლო 5 წლის განმავლობაში მუშაობდა. კანონში დაგეგმილი ცვლილებებით კი, აღნიშნული პირობა აღარ წარმოადგენს სავალდებულოს და ლიცენზიის მაძიებელი ინფორმაციას გამოცდილების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში წარადგენს.

"არსებული პრაქტიკა და გამოცდილება გვაჩვენებს, რომ როგორც უცხოელი ინვესტორები, ასევე ადგილობრივი მეწარმეები ყოველი ახალი საწარმოო საქმიანობის დაწყებისათვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახალ იურიდიულ პირს ან უცხოური საწარმოს წარმომადგენლობას არეგისტრირებენ, რომლის მეშვეობითაც შემდგომში ახორციელებენ თავის საქმიანობას. რასაკვირველია ახლად დარეგისტრირებულ იურდიულ პირს, მით უმეტეს საქართველოს საწარმოს, ვერ ექნება საწარმო საქმიანობის 5-წლიანი გამოცდილება, ვინაიდან ბოლო 5 წლის განმავლობაში ნავთობგადამამუშავებელი წარმოება არ არსებობდა, რაც სააგენტოს მხრიდან ლიცენზიის გაცემის უარის თქმის საფუძვლად მოიაზრება, ხოლო ახალი რედაქცია იძლევა საშუალებას, არ იყოს შეზღუდვა საწარმოო გამოცდილების არსებობასთან დაკავშირებით, რაც რასაკვირველია, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და არ შეაფერხებს ნავთობგადამუშავების სფეროში ინვესტიციების განხორციელებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას", - ნათქვამია განმარტებით ბარათში, რომელიც კანონპროექტს ერთვის თან.

ამავე ცვლილებებით მეწარმე სუბიექტი ვალდებული იქნება წარადგინოს აუდიტის დასკვნა, ფინანსური მდგომარეობის შესახებ. "ნავთობისა და გაზის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგანტოს ენიჭება უფლებამოსილება, დაამტკიცოს ნავთობისა და გაზის ან ნედლეულის შეგროვების, მომზადების, შენახვის ან ტრანსპორტირების დროს არსებული ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობები.

ნათია ინაური