Ocean Network Express-ი შავი ზღვის მარშრუტს ფოთის პორტი დაემატა

იაპონური საკონტეინერო გადამზიდავი კომპანია Ocean Network Express-ი შავი ზღვის თურქეთის პროექტში (BT2) ახალი მომსახურებასა და მარშრუტს ამატებს.

კერძოდ, როგორც კომპანიის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, აღნიშნულ მარშრუტს ფოთის პორტი დაემატა. ახალი მარშრუტი ასე გამოყურება: სტამბოლი-ფოთი-კონსტანცა-სტამბოლი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი მარშრუტი შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში პირდაპირ და სწრაფ კავშირს უზრუნველყოფს.

„ახალი BT2 (Black Sea Turkey Service 2) გააფართოებს Ocean Network Express-ის ქსელს შავ ზღვაში. ONE-ს ამჟამად შეუძლია გადაზიდვების უფრო მეტი ვარიანტით სარგებლობა და მომხმარებლებისთვის შეთავაზება“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, გადაზიდვები ყოველკვირეულად შესრულდება.

როგორც კომპანიის ვებგვერდზეა აღნიშნული, ახალი მარშრუტით პირველი რეისი სტამბულიდან 22 ოქტომბერს შესრულდება. ხომალდი ფოთის პორტში 28 ოქტომბერს შემოვა და პორტს 30 ოქტომბერს დატოვებს.

457264827-1178798576685508-4418646606470575342-n-1725367158.jpg

მერი ტაბატაძე