რუსულმა მარკეტპლეის Ozon-მა საქართველოში საქონლის მიწოდება დაიწყო.
ინფორმაცია კომპანიამ არაკომერციული ორგანიზაცია Free Russia Foundation-ის მეცნიერ-თანამშრომელსა და რუს უფლებადამცველ ნიკოლაი ლევშიცს დაუდასტურა, რომელიც საქართველოში 2019 წლიდან ცხოვრებს.
თავის პორტალ nlevshits.com-ზე, რომელიც უფლებადამცველმა 2022 წლიდან ჩაუშვა და რუსულ ენაზე საქართველოს ამბებს ავრცელებს, ლევშიცი წერს, რომ კურიერების საშუალებით მიწოდება Ozon-ის პუნქტებში მთელი ქვეყნის მასშტაბით ხდება.
შეკვეთის გადახდის მეთოდი მხოლოდ წინასწარი გადახდაა.
რაც შეეხება მიწოდების შეზღუდვებს, შეკვეთის მაქსიმალური ღირებულება 90 ევროს, ხოლო მაქსიმალური წონა 29,5 კგ-ს შეადგენს. ასევე, საქონლის მაქსიმალური ზომა 120×80×50 სმ. უნდა იყოს. გამოსასწორებელ დაწესებულებებში მიწოდება არ ხდება.
შეკვეთის განსაბაჟებლად მომხმარებელმა პირადი ინფორმაცია უნდა მიუთითოს. Ozon მონაცემებს პირადი კაბინეტიდან ითხოვს და მას გადამზიდავს ან საბაჟო სამსახურს დეკლარაციის შესავსებად გადასცემს. გადამზიდავი ან საბაჟოს წარმომადგენელი შესაძლოა, მომხმარებელს დეტალების გასარკვევად დაუკავშირდეს.
თუ საქონელი 30 კგ-ზე მეტს იწონის და 300 ლარზე მეტი ღირს, შემკვეთმა საბაჟო გადასახადი უნდა გადაიხადოს.
მეორე გამოცემა, Shopper's წერს, რომ საქართველოდან Ozon-ზე შეკვეთის განთავსება მხოლოდ იურიდიულ პირებს შეუძლიათ. ოპერატორად კომოანია, GBS Export სახელდება.
ნიკოლაი ლევშიცი თავის პორტალზე, ასევე, წერს, რომ “ბოლო კვირებში საქართველოთი კიდევ ერთი რუსული გიგანტი მარკეტპლეისი, Wildberries დაინტერესდა, რომელმაც თბილისში ვაკანსიებიც კი გამოაქვეყნა.”
ლევშიცის ცნობით, კომპანიას შეკვეთის გაცემის პუნქტები საქართველოში მზად აქვს, თუმცა ისინი მაინც დალუქულია. მეტიც, ლევშიცმა კომპანიის ქართულენოვანი ვებგვერდის პროტოტიპიც მოიპოვა, თუმცა მისი ავთენტურობა ოფიციალურად არ დადასტურებულა, ამიტომ მისი გასაჯაროვებისგან უფლედამცველი ჯერ თავს იკავებს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ