წელს „თბილისობის“ ჩატარებაზე 3 519 558 ლარი დაიხარჯება. აღნიშნული ღონისძიების ჩატარებისთვის, სამუშაოების შესყიდვის მიზნით დედაქალაქის მერიამ გამარტივებული შესყიდვა უკვე გამოაცხადა.
როგორც შესყიდვების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, წელს ღონისძიება 5 და 6 ოქტომბერს ჩატარდება.
2024 წლის თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით 5 და 6 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე (მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, გიორგი ათონელის ქუჩა, იტალიის ქუჩა, ხაზინის ქუჩა, ფხოვის ქუჩა, ანტონ ფურცელაძის ქუჩა) და რიყის პარკში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მრავალფეროვანი გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებების გამართვას გეგმავს, რომლებიც სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაზე იქნება გათვლილი.
აღნიშნულ ლოკაციებზე განთავსდება თემატური დეკორაცია/ინსტალაცია, ფოტოზონა, დეკორირებული ჯიხურები და დახლები, თაღები, სადღესასწაულო ხეივანი, ხიდის, ქუჩების და ფასადების თემატური მორთულობები, საბავშვო-საგამოფენო პავილიონები, კულტურული, სპორტული და მოსასვენებელი სივრცეები, მრავალფეროვანი დეკორაცია/ბუტაფორია/რეკვიზიტი, ავეჯი საბავშვო სივრცისთვის. გაიმართება სხვადასხვა ჟანრის საბავშვო და საღამოს კონცერტები, ელექტრონული ლაივ შოუები, თეატრალური წარმოდგენა-პერფორმანსები.
მოეწყობა მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო და საბავშვო-გასართობი აქტივობები, ღია კინოთეატრი, ზღაპრის გმირების მსვლელობა, "ტკბილეულის ფესტივალი", "თბილისური ბაზარი“, გამოფენა-გაყიდვა "თბილისური მრავალფეროვნება" და "გაუსინჯე თბილისს გემო /Taste Tbilisi", რომლის ფარგლებში გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, მოეწყობა ტკბილეულის და კვების სივრცეები, გასტრონომიული ზონები, რაც კომპლექსურად გულისხმობს გასტრონომიული ინდუსტრიის ხელშეწყობას, ადგილობრივი მცირე და საშუალო ზომის ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობის მხარდაჭერას და პოპულარიზაციას.