გვაქვს უარყოფითი მოლოდინი რადიკალური ოპოზიციის სამომავლო აქტივობებთან დაკავშირებით - ჩვენი პოლიტიკური გუნდი იღებს განსაკუთრებულ ზომებს პარტიის საპატიო თავმჯდომარის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომელიც საქართველოში მშვიდობის უმთავრესი გარანტია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, როგორც „გლობალური ომის პარტიისთვის“, ისე ხელისუფლებისა და ქართველი ხალხისთვის სასწორზე იმდენად მნიშვნელოვანი რამ დევს, რომ „ამ ფონზე რისკები ერთი ათადაა მომატებული“.
„სამწუხაროდ, გვაქვს უარყოფითი მოლოდინი რადიკალური ოპოზიციის სამომავლო აქტივობებთან დაკავშირებით შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით. 1. დღეს „ქართული ოცნების“ რეიტინგი დაახლოებით 60%-ს შეადგენს, რაც რადიკალურმა ოპოზიციამაც კარგად იცის. ასეთ ვითარებაში ისინი მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს შენარჩუნებით, ბუნებრივია, ნაკლებად არიან დაინტერესებული; 2. ყველა წინა არჩევნების გამოცდილება შეგვახსენებს, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გამონაკლისის გარეშე ყოველთვის საარჩევნო გარემოს არევას ცდილობს ხოლმე, შესაბამისად, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს არჩევნები ამ მხრივ გამონაკლისი იქნება; 3. 26 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი, სადაც გადაწყდება, შეძლებს „ომის პარტია“ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას, თუ ქვეყანა მშვიდობას შეინარჩუნებს.
როგორც გლობალური ომის პარტიისთვის, ისე ხელისუფლებისა და ქართველი ხალხისთვის სასწორზე იმდენად მნიშვნელოვანი რამ დევს, რომ ამ ფონზე რისკები ერთი ათადაა მომატებული. ყველა ვხედავთ, რა მოვლენები ვითარდება ევროპასა და ამერიკაში, სლოვაკეთში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო კანდიდატი გაიმეტეს სასიკვდილოდ. ყველას გახსოვთ ღია მუქარაც, რომელიც ერთ-ერთი ევროკომისრის პირით შემოგვითვალეს. გარდა ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში წარიმართება გამოძიება ბატონ ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმის მომზადების საქმეზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენი პოლიტიკური გუნდი იღებს განსაკუთრებულ ზომებს, პარტიის საპატიო თავმჯდომარის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომელიც საქართველოში მშვიდობის უმთავრესი გარანტია. სწორედ ამიტომ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ გადაადგილდება ვერტმფრენით, საარჩევნო შეკრებებზე უზრუნველყოფილია მისი უსაფრთხოების დაცვა შუშის ბარიერით, რაც რადიკალური ოპოზიციის განსაკუთრებული გულის წუხილის მიზეზია და ა.შ.“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.