ოზურგეთში და ლანჩხუთში მიმდინარე წყალმომარაგების პროექტების შედეგად, 50 000-მდე ადამიანს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, წყალმომარაგების პროექტები გურიის რეგიონში მაღალი ტემპით მიმდინარეობს.

როგორც მინისტრმა ქალაქ ოზურგეთში წყალმომარაგების პროექტის მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების შემდეგ აღნიშნა, ამჟამად, ოზურგეთში და ლანჩხუთში ორი უმნიშვნელოვანესი პროექტი ხორციელდება.

„მთლიანობაში, მიმდინარე პროექტების ფარგლებში, დაახლოებით 50 000-მდე ადამიანს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. ეტაპობრივად, წლის ბოლოს და ასევე, მომავალ წელს ოზურგეთში და ლანჩხუთში უკვე 24 საათიანი წყალმომარაგება იქნება“, - აცხადებს მინისტრი.

უწყების ცნობით, აქტიურად მიმდინარეობს ქალაქ ოზურგეთში წყალმომარაგების არსებული ამორტიზებული ქსელის განახლება. პროექტის ფარგლებში, მოსახლეობას უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად, შენდება: ახალი რეზერვუარი, ჭაბურღილები და სატუმბი სადგური, მოეწყობა აღრიცხვის კვანძები და საჭირო ინფრასტრუქტურა. დასრულების ეტაპზეა, წყალმომარაგების ქსელის სამშენებლო სამუშაოები სოფელი ქვემო ნატანების ორ უბანშიც: ნარუჯასა და წითელი სხივის უბანში. მიმდინარე პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 48 მილიონი ლარით ფინანსდება და მისი დასრულება 2025 წლის ბოლოს იგეგმება. შედეგად, 20 000-ზე მეტი ბენეფიციარი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ალექსანდრე თევდორაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში, გიორგი ურუშაძემ და ქალაქ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

„მოწესრიგებული და რეაბილიტირებული სათავე ნაგებობები და რეზერვუარები, ასევე მოწყობილი ქსელი და მაგისტრალი შესაძლებლობას მოგვცემს განვახორციელოთ სრული დაფარვა, რაც ნიშნავს იმას, რომ ოზურგეთს, ლანჩხუთს და შესაბამის მუნიციპალიტეტებს, ჯამში დაახლოებით 17 სოფელს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კონკრეტულ მდებარეობებში მანამდე არასდროს ყოფილა ცენტრალიზებული წყალმომარაგების ქსელი. სამწუხაროდ, ასეთი მდებარეობები ამ მიმდინარე პროექტებში ბევრია”-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

უწყების განმარტებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გურიის მხარეში წყალმომარაგების მიმართულებით სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების 6 პროექტს ახორციელებს, რომელთა ჯამური ღირებულება სახელმწიფო დაფინანსებით 115 მილიონ ლარს შეადგენს.

„წყალმომარაგების ქსელი სრულად განახლდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც: ცხემლისხიდში, დვაბზუსა და მშვიდობაურში. მიმდინარე პროექტის ფარგლებში მოეწყო: წყალმომარაგების ქსელი, აღრიცხვის კვანძები, სათავე ნაგებობები, საქლორატორო, სატუმბო სადგური და რეზერვუარი. პროექტს საქართველოს მთავრობის დაფინანსებით 10 მილიონ ლარამდე მოხმარდა.

გურიის რეგიონში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ მიმდინარე პროექტების დასრულება, ეტაპობრივად, 2024-2026 წლებში იგეგმება, რის შედეგადაც 40 400-მდე ბენეფიციარი უწყვეტი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით ისარგებლებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.