ნავთობსატრანსპორტო კომპანია, “ყაზტრანსოილი” სექტემბერში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით 140.000 ტონა ნავთობის მიწოდებას გეგმავს, მაშინ, როცა აგვისტოში მიწოდებამ 117.390 ტონა შეადგინა.
ამის შესახებ კომპანიის ანგარიშში წერია, რასაც Reuters ავრცელებს.
ბთჯ-ის მილსადენით 140.000 ტონა ნავთობმიწოდებას “ყაზტრანსოილი” ივლისშიც გეგმავდა.
ბთჯ-ის მილსადენს ნავთობი, ძირითადად, თენგიზის საბადოდან მიეწოდება, სადაც აგვისტოში გეგმიური ტექნიკური სამუშაოები შესრულდა.
Reuters წერს, რომ ევროპაში ყაზახური ნედლეულის მიმართ გაზრდილი ინტერესის ფონზე ყაზახეთი რუსეთის პორტების ალტერნატიულ საექსპორტო მარშრუტებს აფართოებს.
ქვეყნის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა ნავთობის ინდუსტრიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად საექსპორტო მარშრუტების განვითარება დაასახელა.
„უპრეცედენტო საერთაშორისო ტურბულენტობის პირობებში პრიორიტეტული ამოცანა საექსპორტო მარშრუტების შემდგომი დივერსიფიკაციაა,“ - წერია პრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც მის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.
ცნობისთვის: 2023 წელს “ყაზტრანსოილმა” აქტაუს პორტიდან ბთჯ-ის მილსადენით ყაზახური ნავთობის გადაზიდვა, 2022 წელთან შედარებით, 5,5-ჯერ, 1.392 მლნ ტონამდე გაზარდა.
თენგიზის საბადოდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენში 1.057 მლნ ტონა ნავთობი გადაიტვირთა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ