ადგილობრივი წარმოების ხორბალის წისქვილკომბინატებში ჩაბარება უფრო იაფია, ვიდრე იმპორტირებულის, რაც ქართველი ფერმერებისთვის ამოუხსნელია და მათი უკმაყოფილების მიზეზი ადრეც არაერთხელ გამხდარა. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წელს პროდუქტი შედარებით ძვირია, ვიდრე შარშან, ფასი მაინც თვითღირებულებასთან მიახლოებული, ან უფრო იაფი გამოდის. ამასთან, იმპორტირებულ ხორბალთან მიმართებით, ისევ ნაკლები ღირს.
ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან სილაგავა bpn.ge-სთან ამბობს, რომ ეს ახსნადია და მხოლოდ საგადასახადო პოლიტიკას უკავშირდება. მისი თქმით, იმპორტირებულისგან განსხვავებით, ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტები დღგ-სგან თავისუფალია, შესაბამისად, წისქვილკომბინატებიც ფასის სხვაობას სწორედ ხარჯის გათვალისწინებით ანგარიშობენ.
„ის რომ, ადგილობრივი ხორბალი უფრო იაფია, ვიდრე იმპორტირებული, ახსნადია. ეს არის სხვადასხვა საგადასახადო ხედვის თემა. ჩვენთან ხორბლის იმპორტის მიწოდება დღგ-ს ჩათვლით ხდება, მაშინ, როდესაც ქართული ხორბლის და ზოგადად, სოფლის მეურნეობის პროდუქცია დღგ-სან გათავისუფლებულია. სწორედ ეს არის სხვაობა, რომელზეც საუბარი გვაქვს და თუ მაგალითად, დღეს იმპორტირებული სასურსათო ხორბალი წისქვილამდე 74-75 თეთრია, ადგილობრივის ჩაბარება 60-65 თეთრია. სწორედ ეს არის სხვაობა და პლუს-მინუს დღგ-ს 18%-ით, ითვლება, რაც იძლევა ერთი და იგივე ხარისხის ხორბლის სხვადასხვა ფასს. ეს თემა არის სუფთა საგადასახადო საკითხი და შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ფასი ერთი და იგივეა, უბრალოდ, იმპორტირებულს წისქვილკომბინატები ითვლიან ხარჯში და ადგილობრივის მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-სგან შესაბამისად, არ ითვლიან. ბიზნეს ინტერესებიდან და კონკურენციიდან გამომდინარე, ზუსტად ეს იძლევა ამ სხვაობას.
თუმცა, ასევე მინდა ვთქვა, რომ წელს ჩაბარების ფასი გაცილებით მაღალია, ვიდრე ეს იყო შარშან. შარშანდელი ფასი ფერმერებისთვის მართლაც ძალიან დაბალი იყო, 50-55 თეთრი, წელს 60-65 თეთრია, რაც მაღალია. თუმცა, ისინი მაინც ამბობენ, რომ თვითღირებულებაზე დაბალი ან ახლოსაა, რაშიც ჩვენ ვერ ჩავერევით, შემოსული ერთი და იგივე ხარისხის ხორბალთან მიმართებით ხდება ფასის ჩამოყალიბება. ანუ საბაზრო საკითხებს ვერ გავექცევით ვერსად“,- ამბობს ლევან სილაგავა.