წელს მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა 262 ტონამდე ოქრო იყიდეს - როგორია საქართველოს მაჩვენებელი

2024 წლის იანვარ-ივლისში მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა საკუთარი ოქროს რეზერვები დაახლოებით 262 ტონით გაზარდეს. მსოფლიო ოქროს საბჭოს წინასწარი შეფასებით, მხოლოდ ივლისში სავალუტო რეზერვებში ოქროს მოცულობა 37.1 ტონით გაზარდეს.

ამასთან, WGC-ის ბოლო, ივლისის მონაცემებით, ყველაზე მეტი ძვირფასი ლითონი (14,3 ტონა) პოლონეთმა, უზბეკეთმა (9,6 ტონა) და ინდოეთმა (5,4 ტონა) შეიძინეს. მარაგები გაზარდეს ასევე იორდანიამ (4,3 ტონა), თურქეთმა (3,8 ტონა), ყატარმა (2,3 ტონა), ჩეხეთმა (1,6 ტონა), ეგვიპტემ და მალტამ (თითოეულმა 0,1 ტონა).

მსოფლიოს ცენტრალური ბანკების მიერ შესყიდული ოქროს მოცულობა 2024 წელს, თვეების მიხედვით:

  • იანვარი - 45 ტონა
  • თებერვალი - 19 ტონა
  • მარტი - 16 ტონა
  • აპრილი - 32.7 ტონა
  • მაისი - 56.7 ტონა
  • ივნისი - 55.4 ტონა
  • ივლისი -37.1 ტონა

ოქროს მსოფლიო საბჭოს (World Gold Council) მონაცემებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ანუ 2013-2023 წლების პერიოდში ოქროს მარაგი ყველაზე მეტად მხოლოდ რუსეთმა და ჩინეთმა გაზარდა.

კერძოდ, ამ პერიოდში რუსეთმა მარაგი 1,035-დან 2,333 ტონამდე, ჩინეთმა კი 1,054-დან 2,235 ტონამდე გაზარდა. შემდეგი თურქეთია, რომელმაც თავისი მარაგი 116-დან 540 ტონამდე გაზარდა.

ექსპერტები ოქროს მიმართ მზარდ ინტერესს გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და სანქციების ზრდას უკავშირებენ. ცენტრალური ბანკები ოქროს, შემოსავლიანობის პოტენციალით, უსაფრთხო და ლიკვიდურ აქტივად განიხილავენ.

რაც შეეხება საქართველოს, სებ-ის საბჭოს მიერ, 2024 წლის პირველ მარტს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების, 7 ტონა, უმაღლესი სინჯის მონეტარული ოქრო იყიდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვებს ოქრო მიამატა.

ეკა დარჩიაშვილი