დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე გუშინ მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის შედეგად, 2 პირის გარდაცვალების გარდა, რამდენიმე ადამიანი დაშავდა

დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე გუშინ მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის შედეგად, 2 პირის გარდაცვალების გარდა, რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

დაშავებულების რაოდენობას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში არ აკონკრეტებენ, თუმცა როგორც „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნულ ცენტრში განუცხადეს, ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

როგორც სააგენტომ გაარკვია, 2 დაშავებული თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული, რაც „ინტერპრესნიუსს“ თავად კლინიკაში დაუდასტურეს, თუმცა იმ მიზეზით, რომ საქმე პერსონალურ ინფორმაციას ეხება, საავადმყოფოში პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

ინფორმაციისთვის, გუშინ, ფეიქრების ქუჩის მიმდებარედ, ბათუმი-თბილისის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას შეეჯახა. ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულები „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლები იყვნენ, რომლებიც ლიანდაგზე სამუშაოებს ახორციელებდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275 -ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.